logo_geo
eng_logo
გურიაში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება
- +

1 მარტი. 2022. 13:10

 

 

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურიის რეგიონში უკრაინის დასახმარებლად იწყება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. ინიციატივას უერთდებიან სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეები. სამივე მუნიციპალიტეტი დამატებით უზრუნველყოფს თანხების მობილიზებას. მერიის შენობებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ნებისმიერ მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, დატოვოს უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი შემოწირულობა.

 

„გურიის რეგიონი სამივე მუნიციპალიტეტის ჩართულობით მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ.

 

როგორც ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, უკრაინის და უკრაინელი ხალხისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებენ. 

 

„პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ინიციატივით, ვიმსჯელეთ შემდგომ ნაბიჯებზე და სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოვყოფთ. ძალიან განვიცდით ოზურგეთის დაძმობილებულ ქალაქ გენიჩესკში მიმდინარე მოვლენებს და მათ თავს დამტყდარ უბედურებას - მჯერა, მალე დადგება დრო, როცა გენიჩესკი დაიბრუნებს თავისუფლებას და ჩვენც, მოკრძალებულ  წვლილს შევიტანთ ომისგან დანგრეული ქალაქის აღდგენაში.

ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელებს. ამ მძიმე განსაცდელში ჩვენ მათ გვერდით ვართ!“ - აღნიშნავს თალაკვაძე.

 

რეგიონში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი:

გურიის სამხარეო ადმინისტრაცია – 577 937 766

ოზურგეთი – 557 220 740

ლანჩხუთი – 591 192 330

ჩოხატაური – 599 179 594

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner