logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
- +

1 მარტი. 2022. 19:13

 

 

საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, უკრაინელთა დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

 

„ყველა ჩვენგანს გვინდა, რომ  ადამიანებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას  საფრთხე ემუქრება, მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში. ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო ჰუმანიტარული  აქტივობები. სისხლის ჩაბარება და სისხლის პროდუქტების გაგზავნა  მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია იმ რიგი ღონისძიებების, რის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ. ძალიან ამაყი ვიქნები, თუნდაც ერთ ადამიანს თუ დავეხმარებით უკრაინაში ამ აქციით“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არსებული ინფორმაციით,  უკრაინაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მიდის აქტიური ბრძოლები  ქალაქებში, არის ბევრი დაღუპული, დაჭრილი, მათ შორის,  მშვიდობიანი მოქალაქეები და რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, ბავშვები.

 

„ომის სპეციფიკიდან გამომდინარე და მახასიათებელი ტრავმებიდან, ხშირია სისხლის დანაკარგები, ამიტომ ყველაზე დეფიციტური, ასეთ ვითარებაში, არის სისხლის კომპონენტები. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გავაგზავნოთ სისხლის კომპონენტები და ამით დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვფიქრობ, რომ  ამ ომს  თავისი ლოგიკური დასასრული ექნება და  სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა ის მცირედია, რის გაკეთებაც ახლა შეიძლება უკრაინელებისთვის.

 

„დღეს შევუერთდით სისხლის ჩაბარების აქციას პარლამენტში. ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მოძმე ხალხისთვის და მოძმე ქვეყნისთვის - უკრაინისთვის, რომელიც ეომება რუსულ იმპერიას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და გვერდში ვუდგავართ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner