ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ვიცი, რომ იცით, მაგრამ გინდათ, ჩემებურად აგიხსნათ, რა არის კაცობა და რა არის არაკაცობა?
თქვენ ხედავთ ორ ადამიანს. ორივეს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა უკრაინასთან, ორივეს აქვს სახლი კიევში, ორივეს ჰყავს ნაცნობ-მეგობრები იქ, სადაც იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები.ორივე შეძლებულია. ორივეს შეუძლია, იფიქროს გაჭირვებულ მოსახლეობაზე.
იმან, აქედან მილიარდები რომ გაზიდა, გუშინ თუ გუშინწინ იღნავლა, ძლივს ჩემ ცხოვრებაში კარგ სახლს ვეღირსე, იქ წეღან ,,ბეტეერებმა'' ჩაიარეს, ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემ საწოლში დაიძინებენო. ასევე ჩავლენ ჩემ ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენო. მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი, ნება იბოძეთ, მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივსო.
ეს მხოლოდ საკუთარ საწოლსა და მარანზე ფიქრობს, დაიძინებენო, გამოწრუპავენო, არც ბავშვები ადარდებს, არც მოხუცები, არც ახალგაზრდები, ერთი არ დასცდენია, ჩემი სახელით ფრონტზე რამე გააგზავნეთო. არც თავისიანებისთვის მოუწოდებია (სულ რომ მავნებლობენ), უკრაინელებს ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნოთო. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა!
სასამართლო პროცესზე მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა უთხრა, პოლიტიკური განცხადებების დრო არ გვაქვსო.
ჰმ... რას ჰქვია, არ გაქვთ, ხომ არ გავიწყდებათ, ვინ ვარო? მე პრეზიდენტი ვიყავი, ყველაფერი მეპატიებაო. წარმოგიდგენიათ? პატიმარია, როგორ თავხედობს, პრეზიდენტი რომ იყო, როგორ ითავხედებდა? გვახსოვს, ყველაფერი გვახსოვს!
კახა კალაძემ თქვა, უკრაინელებს უნდა დავეხმაროთო, ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გავაგზავნოთო, ხალხი გადავარჩინოთო, ომი უნდა დასრულდესო. დედაქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას მოვაგროვებთო. კიდევ ბევრს მოვიფიქრებთ, უკრაინელ მეგობრებს გაჭირვებაში არ მივატოვებთო.
კალაძეს არ დაუწყია ღნავილი - ვაიმე, ჩემო სახლ-კარო, ეზოვ, ბაღჩავ და მარანოო. არც საძინებელი გახსენებია, არც ღვინო-არაყი. რაც მთავარია, მას არასდროს არავისთვის უთქვამს - იცით, მე ვინ ვარ? ნება იბოძეთ, სათანადოდ მომეპყარითო. თავი არავისთვის გადაუმეტებია.
ის წუწურაქი, პრეზიდენტად რომ გვეჯდა, არაფერს გააკეთებს, კრეტინულ ტელევიზიებში მილიონებს ხარჯავს და თან ტირის, ერთი კარგი სახლი ძლივს მეღირსა კიევშიო. ეს არაკაცი! კახა ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია. არ იტირებს, რადგან კაცია!
აი, მეგობრებო, ნათელი ნიმუში კაცობისა და არაკაცობისა! კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ეს უკვე შორს წაგვიყვანს. მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს გელა ზედელაშვილი.