პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანონპროექტით, განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები, რეგულირების სფერო და მასში განმარტებულია ყველა შესაბამისი ტერმინი, ასევე, მომხმარებლისა და მოვაჭრის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები.
კანონპროექტით, წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.
კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო; დგინდება სააგენტოს უფლებამოსილება, მის მიერ საქმის შესწავლის პროცედურები და ვადები.
განისაზღვრება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გამოქვეყნების წესი, სანქციები ამ კანონის დარღვევისთვის, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, სააგენტოს საქმიანობის ანგარიშგება და სხვა საკითხები.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულებები, რაც სამომხმარებლო პოლიტიკის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მოიცავს. შესაბამისად, შემუშავებული კანონპროექტი აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივასა და 1 რეგულაციას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მიღებას უკავშირდება ტვინინგის დახმარების ფარგლებში კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხიც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხდომაზე მხარი ასევე დაუჭირეს „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას.