„უკრაინაში საქართველოს საელჩოს მთელი შემადგენლობა ადგილზეა, გააგრძელებს მუშაობას, ბოლომდე იქ იქნებიან იქამდე, სანამ ეს ესკალაცია არ ამოიწურება და შემდგომაც გავაგრძელებთ ნორმალურ ფუნქციონირებას ისე, როგორც ორ სტრატეგიულ პარტნიორს ეკადრება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად უკრაინის ელჩის კონსულტაციებზე გაწვევისა, საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინელი მოქალაქეებისა და დიპლომატების დახმარებას.
„ჩვენი საელჩოს წარმომადგენლების სრული შემადგენლობით იქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობის ჩვენი უკრაინელი ძმების მიმართ. რაც შეეხება აქაურ საელჩოს, ჩვენ გვქონდა მათთან ურთიერთობა. ჩვენი კომუნიკაციიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ელჩისთვისაც მოულოდნელი იყო მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, ის რა თქმა უნდა ინსტრუქციებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ის გაწვეულია შესაბამის კონსულტაციებზე, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთან კიდევ ერთი თხოვნა შემოვიდა, რომ დავეხმაროთ მათ ევაკუირებული დიპლომატებისთვის თავშესაფრის მიცემაში და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ისევე, როგორც რუსეთის აგრესიის დაწებისთანავე პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად შევხვდი უკრაინის ელჩს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გადავეცი, რომ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნებოდა უკრაინაში და 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადაიცა. მაშინვე იყო თხოვნა, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფი დიპლომატების ევაკუაციისას მათთვის მიგვეცა თავშესაფარი საქართველოში და ეს ჩვენ გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ელჩი კონსულტაციებზეა გაწვეული, ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და არანაირი გადაწყვეტილება ამას არ შეაფერხეს. უკრაინელ დიპლომატებს უკრაინელი ტურისტების მსგავსად მივცემთ თავშესაფარს მაშინ, როდესაც მათ გამოიყვანენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.