„ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არ უნდათ საბჭოთა კავშირში. ისინი იმგვარად წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ექაჩება ვინმეს საბჭოთა კავშირში. ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილზე დამყარებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც აუცილებლად განიცდის კრახს“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„ამის მიზანია, რომ საქართველო აღმოჩნდეს რთულ სიტუაციაში, მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში და ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რაოდენ „პრორუსულია“ მოქმედი ხელისუფლება. მოკლედ ჩამოვთვლი რამდენიმე ფაქტს: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ ყველა ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველომ სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ნატოსა და ევროკავშირში. რა შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო განაცხადი? უკანონო დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დადგა. დღეს რუსეთი ვალდებულია, 10 მლნ ევრო გადაიხადოს უკანონოდ დეპორტირებული ქართველების სასარგებლოდ. ომის საქმეზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად პირველად გაჩნდა იმის სამართლებრივი მტკიცებულება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლაც, იუსტიციის სამინისტრო ძალიან მყარად ცდილობს, დაიცვას პოზიციები ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე და აქაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიპოვებთ გამარჯვებას. ასევე მინდა ვისაუბრო „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც დგას მთელი ამ კამპანიის უკან. ახლა ითხოვენ პრემიერის გადადგომას, რათა ქვეყანაში დაიწყოს არეულობა და ჩვენ ისევ ვიხილოთ საქართველოში მტრის ჯარი და ომიანობა. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობა იყო: ფორმები, შეიარაღება, გადაიარაღება, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ის ეპოქა, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები საბჭოთა ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან არასოდეს ყოფილა. მეორე მხარეს ქადაგებდნენ, რომ ჯარში სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მონობა. ეს იყო დემორალიზაციის წარუმატებელი მცდელობა და ამას პასუხი გასცა მოსახლეობამ არჩევნებზე“, - აცხადებს ბრეგაძე.