ავტორი ბიძინა დვალი
ჩემი, როგორც ერთი მებრძოლი ქართველის (1992 წ. აფხაზეთი) გულწრფელი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას!
რუსეთ-უკრაინის ომის არსი და მნიშვნელობა, დედამიწის ზურგზე, თუ ვინმეს შეიძლება ესმოდეს, რუსეთთან ოცდაცამეტ წლიან უწყვეტ ომში მყოფი საქართველოს სახელმწიფო და მისი დღევანდელი ხელისუფლებაა, ქართველი ხალხის ნებით არჩეული ღირსეული ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამშობლოს ორ რეგიონში რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებია განლაგებული, რიგითი ქართველით დაწყებული და ხელისუფლებით დამთავრებული, ძალისხმევას არ ვზოგავთ მოძმე და ერთმორწმუნე უკრაინელი ერის მხარდასაჭერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიმაჩნია, ყველგან და ყოველთვის დავიცვა, როგორც თითოეული თანამოქალაქის, ისე ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლის ღირსება, იმ რწმენით, რომ ამით დავიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებასაც.
როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის ჩვენთან პირველად შეეშალა, ხმა არ ამოვიღეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ მძიმე განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის ერთი „წამოცდენა“ შეიძლება გაგვეტარებინა, უნებლიეში ჩავუთვალეთ. მაგრამ როდესაც პრემიერ შმიგალსაც „წამოცდა“ იმავე შინაარსის უკადრებელი და თანაც, პროვოკატორ გონჩარენკოს ტალღაზე დაჯდა, პასუხმა სავალდებულო სახე შეიძინა.
ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემიერო, არაფერი შეგეშალოთ! შეურაცხყოფასა და აგდებულ დამოკიდებულებას ვერავისგან მივიღებთ. კაცური წესია, გაჭირვებამ და შიშმა სახე არ უნდა დაგაკარგვინოთ. სამწუხაროდ, თქვენგან უფრო მძიმე „შეცდომებიც“ გვახსოვს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ომის პირველი წუთებიდან თქვენს გვერდით დავმდგარიყავით ყველა შესაძლო საშუალებით (ჩამონათვალს აღარ შევუდგებით - ყველასთვის ცნობილია). უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო საუკუნის წინაც, როცა საბჭოთა რუსეთის ტყვეობაში აღმოვჩნდით და დღესაც, დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში, უწყვეტად, თქვენი და ჩვენი სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში!
თქვენ მიერ ახლო წარსულში დაშვებული მძიმე „შეცდომებიდან“ მხოლოდ ერთს გავიხსენებ, რაზედაც ერთ ჩემს წერილში, ომამდე, მწარე საყვედურები გაკადრეთ:
„ბოლო წლებში უკრაინა წარმოადგენდა საქართველოს პრობლემების მართვის ცენტრს, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ბაზას ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი პროექტების შემუშავებისთვის. საქართველოში დესტაბილიზაციის ორგანიზების ყველა მცდელობა, წლების განმავლობაში, უკრაინაში იღებდა სათავეს. ეს ყველაფერი სხვის თავს რომ ხდებოდეს, დაჯერებაც კი გაგვიჭირდებოდა - რომ მეგობარი სახელმწიფო ინახავს შენი ქვეყნის მიმართ მძიმე დანაშაულებში მხილებულ (მსჯავრდებულ) ადამიანს; რომ მისი ავტორიტეტის ამაღლებისთვის, საქმის კეთებაში სრული უუნარობის მიუხედავად, ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე; რომ აძლევს ნაძარცვი ფულის ბრუნვის საშუალებას; რომ თავშესაფარს აძლევს მისი გარემოცვის სხვა მსჯავრდებულ დამნაშავეებს; რომ თვალს ხუჭავს მეგობარი სახელმწიფოს საზიანოდ წარმოებულ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და ა.შ.“
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, იოტისოდენა გაორებაც არ მქონია თქვენ გვერდით დგომის სურვილში. თქვენი გაჭირვება ჩვენი გაჭირვებაა, თქვენი ბრძოლა - ჩვენი ბრძოლა! მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო გულწრფელი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ! ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა თქვენ, უკრაინის ხელისუფლებავ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ამ მძიმე ომში სამართლიანობისთვის!
ბიძინა დვალი
01.03.2022 წ.
P.S. წერილი დასრულებული მქონდა, ელჩის გაწვევის შესახებ ინფორმაციას რომ გავეცანი. ვეთანხმები „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებს: აშკარად საქმე გვაქვს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობასთან. რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთი მძიმე შეცდომა მოუვიდა.
P.S.–2. კარგად ხედავთ, გასაგები მიზეზების გამო, გამწვავებას ვერიდები, მაგრამ ერთ მრავლისმთქმელ შეუსაბამობას მაინც აღვნიშნავ - ბელორუსში უკრაინის საელჩო ძველ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას(?), როცა ჩვეულებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავს სიტუაციებში, არათუ გამოწვევის, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი დგება ხოლმე დღის წესრიგში. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვა ბევრია. პასუხებიც, ვფიქრობ, ნათელია... მაგრამ... ამაზე შემდგომ. ერთი სიტყვით, ცალმხრივ მორატორიუმს ვაცხადებ ომის დასრულებამდე.