იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უკრაინა დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან.
„მე შეგნებულად ვისაუბრე იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა, აქ არის ხალხის მხარდაჭერაც. ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩემთვის, პირადად, და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან. ჩვენ გვყავს იქ ჩვენი პირადი მეგობრებიც და უამრავი ახლობელი ადამიანი, რომელთა ბედსაც განვიცდით და გულთან ახლოს მიგვაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზეც. რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, როდესაც მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ამ განცხადების შეფასების დრო არ არის. მინისტრმა, ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი სწორედ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია გამხდარიყო.
„შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ დავრჩები იმავე პოზიციაზე, რომ, როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე არის ეს ომი... როდესაც, სხვათა შორის, მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ, გაჩაღებულია საქართველოშიც, შესაძლოა, ამ განცხადებების მომზადებისას იქონიოს მთელმა ამ პრეისტორიამ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე, ამ საუბრისგან თავს შევიკავებ და, პირიქით, გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.