„კონსპირაციის თემა არასდროს უნდა გამორიცხო, ახლა არახამიაზე ლაპარაკობს სააკაშვილი და ამბობს, რომ ის ჯერ მის პარტიაში იყო, შემდეგ ზელენსკისთან გადავიდა და ახლა ის ზელენსკის პოლიტიკური ძალის მთავარი დასაყრდენი ძალაა რადაში, მგონია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მას დიდი როლი მიუძღვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილებასთან ჩნდება კითხვები, თუმცა ახლა უკრაინის პრეზიდენტი ურთულეს მდგომარეობაშია და ვაჟკაცურად ებრძვის მტერს.
„უკრაინის ქმედებისგან ნამდვილად ჩნდება კითხვები. მაშინ, როდესაც ზუსტად იციან, რომ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის სამხედრო ბაზაა, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძევლებივით არის ათასობით საქართველოს მოქალაქე. მათ ზუსტად იციან, რომ ყველა საერთაშორისო დონეზე უკრაინას მხარი დავუჭირეთ, სპონსორებიც ვიყავით არაერთი რეზოლუციის. იციან ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციასთან ერთად ევრონესტში მივიღეთ განცხადება. არცერთი ამ საერთაშორისო დოკუმენტის შედგენასა და მიღებაში „ნაცმოძრაობა“ არ მონაწილეობდა. გარდა ამისა, ჩვენი ელჩი უკრაინაშია, ცეცხლსა და ტყვიას უშვერს თავს. კიდევ არის გარკვეული საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელია. ფაქტობრივად, ტანკის ლულა გვიყურებს სახეში. ათასობით ადამიანმა სისხლი გაიღო, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თუ სხვა პოლიტიკური პარტიების. ამ დროს ასეთი გადადგმული ნაბიჯი, მითუმეტეს, რომ ბელარუსში გყავს ელჩი და მხოლოდ ომის წინა დღეს წავიდა კიევიდან რუსეთის ელჩი, რა საკვირველია, შეკითხვებს ბადებს. მაგრამ არის მთავარი თემა, დღეს ზელენსკი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვაჟკაცურად იგერიებს ამხელა შემოტევას. ასეთი სადისტური და დაუნდობელი ომი მიმდინარეობს და ამდენი ხალხი, ბავშვები არის გარდაცვლილი.
ამ კითხვებს საზოგადოებას ვაწვდით მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხი გავცეთ იმ უნამუსო ადამიანებს, რომლებიც აქ გვიპირისპირდებიან, თბილისში, საქართველოში და აქედან გამომდინარეობს ეს ჩემი შეკითხვა ზელენსკის მიმართ. მოვა დრო და ამაზე ვილაპარაკებთ, დეტალებში ჩავალთ. ასევე, რაღაც კონსპირაციის თემა არასდროს უნდა გამორიცხო. ახლა არახამიაზე ლაპარაკობს, გამოსულა სააკაშვილი და ამბობს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მაგის პარტიაში იყო, გადავიდა ზელენსკისთან. იგი არის ზელენსკის პოლიტიკური ძალის მთავარი დასაყრდენი ძალა რადაში, რომ ის არის ადამიანი, რომელიც გაგრაში ხელმძღვანელობდა ბატალიონს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ის პატარა იყო, ჩამოიყვანეს აქ და შემდეგ წავიდა უკრაინაში თავის ბებიასთან. მე მგონია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მას დიდი როლი მიუძღვის“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.