„შეგნებულად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ხვალ-ზეგ ხდება ევროკავშირის წევრი, რაც არასწორია“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ევროპარლამენტმა აღმასრულებელ სტრუქტურებს უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხით მიმართა გაწევრიანების ვადების მითითების გარეშე.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად უკრაინამ და საქართველომ უამრავი ვალდებულება უნდა შეასრულონ, რასაც წლები სჭირდება და კანდიდატის სტატუსის წევრის სტატუსად გარდაქმნა მრავალწლიანი პროცესია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და სულ ვამბობდით, რომ ეს გეგმა ამბიციურია, იმიტომ რომ 2024 წლისთვის გვინდა კონკრეტული მყარი საფუძვლის მომზადება ამ განაცხადისთვის და 2 წელიც კი ამისთვის საკმაოდ მცირე დროა. განაცხადი როცა შეგაქვს, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი და ამიტომ იყო კონკრეტული ვადა“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კობახიძემ აღნიშნა , რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ეს განაცხადი იქნება სუსტი.
„გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი უკრაინის მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ეს ჟესტი სწორედ ომის მდგომარეობას უკავშირდება. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ჟესტი არ არის რელევანტური არც მოლდოვისთვის, არც საქართველოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.