ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განმარტა, რას ნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც საუბარია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე.
„ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის პირველი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ლიდერები აქტიურად მსჯელობენ და ბევრმა გამოთქვა უკვე მზადყოფნა, რომ სპეციალური პროცედურით უკრაინას სტატუსი მიენიჭოს და ეს დაეხმაროს უკრაინას სწრაფად გაწევრიანდეს ორგანიზაციაში. ნორმალური და დადგენილი პროცედურა ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად ლიეტუვამ განაცხადი მომავალ წევრობაზე გააკეთა 1995 წელს და 10 წელი დაგვჭირდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 1995 წლიდან 2004 წლამდე მოლაპარაკებებში ვიყავით ჩართული. პროცედურას დაახლოებით 10 წელი სჭირდება. რას ნიშნავს სპეციალური პროცედურა? ეს უნდა გადავწყვიტოთ უკრაინის შემთხვევაში. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ერთი წელი დაგვჭირდა აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში. ეს გამოცდილება არსებობს და შეიძლება მისი გამოყენება. მე არ ვამბობ, რომ იგივე პრინციპი გამოვიყენოთ უკრაინაზე, მაგრამ ფორმა და გზები მოსაფიქრებელი გვაქვს. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მოდის არამარტო ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან, არამედ ევროპული საზოგადოება უჭერს მხარს უკრაინას დღეს ისე, როგორც არასდროს. პოლიტიკოსები გრძნობენ, რომ მათ უნდა უპასუხონ ხალხის სურვილს და დაკვეთას. თუ ხალხი არამარტო იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდებას მოითხოვს და დაჟინებით შეეცდება უკრაინის ევროკავშირში სწრაფ ვადებში გაწევრიანებას, მაშინ ლიდერებს არჩევანი აღარ დარჩებათ“, - განაცხადა კუბილიუსმა.