logo_geo
eng_logo
„Politico“: ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან
- +

2 მარტი. 2022. 12:29

 

 

პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „Politico“ ავრცელებს.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა.

 

ამავე დროს, უკრაინელი ოფიციალური პირი აცხადებდა, რომ ორშაბათს, უკრაინელმა მფრინავებმა ქვეყანა დატოვეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ გადაცემული თვითმფრინავების მისაღებად.

 

გასულ კვირას ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბევრად უფრო მტკიცე როლს აიღებს უკრაინაში იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების კუთხით.

 

ორშაბათს საღამოს, უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა ევროკავშირის პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავები მიეღოთ. საუბარია საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავებზე, როგორიცაა Mig-29. უკრაინის პარლამენტმა ასევე დააკონკრეტა, რომ საუბარია 70 გამანადგურებელზე - 28 MiG-29 პოლონეთიდან, 12 - სლოვაკეთიდან და 16 ბულგარეთიდან, ასევე 14 Su-25 ბულგარეთიდან.

 

თუმცა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ფუნქციონირებადი თვითმფრინავებისა და ნაწილების დეფიციტი აქვს და არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად. შესაბამისად, არ აქვს თვითმფრინავები უკრაინისთვის გადასაცემად.

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს უკრაინის საჰაერო სივრცეში რაიმე თვითმფრინავის გაგზავნას, რადგან ეს სამხედრო ჩარევა იქნება უკრაინის კონფლიქტში და რომ NATO არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს. ანჯეი დუდას განცხადება ორაზროვანი იყო, რადგან კითხვები გააჩინა, თუ რას გულისხმობდა იგი, პოლონელი პილოტების პოლონური თვითმფრინავებით უკრაინის საჰაერო სივრცეში გაგზავნას თუ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას.

 

პოლონეთის პოზიცია პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განმარტა. „პოლონეთს არ აქვს ასეთი თვითმფრინავები“, - განაცხადა მან.

 

უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემასაც კი აპირებდა“.

 

ევროპელი დიპლომატების თანახმად, ჟოზეფ ბორელმა არაფორმალურად ჰკითხა ბულგარეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებს საბჭოთა წარმოების მოდერნიზებული თვითმფრინავების გადაცემის შესახებ, თუმცა ქვეყნები აღშფოთდნენ, როდესაც ჟოზეფ ბორელმა შეუთანხმებლად საჯარო განცხადება გააკეთა.

 

„ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ მისი ბირთვული შემაკავებელი ძალები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადადიან, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის რისკს ზრდის“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

 

https://www.politico.eu/article/eu-promise-to-supply-fighter-jets-to-ukraine-gets-grounded/?fbclid=IwAR3wt29L6IgGwEasnMjiBtPvJjPD3zHuc-zwa3HW73V10TxcUI-iejVVhJQ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner