ავტორი ბიძინა დვალი
ვიცი, ჩემი რედაქტორი უკრაინის ომზე და NATO-უკრაინის ურთიერთობებზე ვრცელ და არგუმენტებით დატვირთულ ანალიზს ელის, თავისი სიღრმეებში წვდომებითა და მინიმუმამდე დაყვანილი კითხვის ნიშნებითა და სამწერტილებით... ვწუხვარ, იმედები უნდა გავუცრუვო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არანაირი სიღრმეები არ არსებობს, ყველაფერი ზედაპირზე ტივტივებს და დახოცილი ადამიანების ლეშის სუნი უდის.
მეტად საფრთხილო თემას - „საზარბაზნე ხორცი“, ომის დაწყების წინა დღეებში, ხუთიდან თოთხმეტ თებერვლამდე პერიოდში, სამი წერილი მივუძღვენი. ნამდვილად არ მიხარია, რომ ჩემი „წინასწარმეტყველება“ ახდა.
NATO და უკრაინა, უკრაინა და NATO... ზელენსკი და ბაიდენი, ზელენსკი და ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები...
ცნობილი დიალოგი მახსენდება ცნობილი ვოდევილიდან: ქალი - „შეგიძლიათ ჩემთვის მსხვერპლი გაიღოთ?!“ კაცი - „მერე მე არაფერი მომივა?..“ - ეს ისე... იუმორი „ჭირსა შიგან გასამაგრებლად“...
ისტორია მეორდება... ჩემი კარგი მეზობლის, ბატონი გოგის ნათქვამი მახსენდება, 2008 წლის აგვისტოში, მწარედ რომ ჩაიბეჭდა მეხსიერებამ: დარწმუნებული ვარ, პუტინმა და ბუშმა პეკინში სიტყვა-სიტყვით ერთი შინაარსის პატაკი მიიღეს თავიანთი ქვეყნების სპეცსამსახურების შეფებისგან - „ოპერაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ვაგრძელებთ მუშაობასო...“
ეჰ, NATO, NATO...
როგორ გინდა ამ პატიოსან კაცს (ჩემს რედაქტორს) უთხრა, რომ „მეტი უკრაინა NATO-ში და მეტი NATO უკრაინაში“ ისეთივე „გზამკვლევი“ იყო, ჩვენი ქვეყანა 2008 წლის აგვისტომდე რომ მიიყვანა. ისეთი ვითარებაა, სხვის (NATO-ს მესვეურების) მაგივრად რომ გრცხვენია. რა, ვერ გათვალა? მაშინ რაღა NATO ხარ? თუ გათვალა და მაინც აქეზებდა და აიმედებდა?.. აი, ამაშია სწორედ საქმე. როცა ისტორია თოთხმეტწლიან პერიოდში სამჯერ მეორდება (ყირიმის მოვლენებიც ამ რიგიდანაა), სხვა ლოგიკა და სხვა კანონზომიერება უნდა ვეძებოთ.
ორი სიტყვით, ამას ჰქვია თამაში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილებისთვის, სადაც საქართველო და უკრაინა მაუდის მწვანე მაგიდაზე ჩამოსული ორი ექვსიანია, ბანქოს სქელი „კალოდიდან“.
ტელეეკრანს მიჯაჭვული, ერთი მხრიდან, „პუტინს ცას გადავუკეტავთო“ რომ მესმის და მეორე მხარეს, სამუდამოდ ცა და მზე დაბნელებულ ათეულობით უკრაინელ ბავშვს რომ ვხედავ, მწარე საუბრის ხასიათზე ვდგები. როცა ფაქტები სახეზეა, მიმიფურთხებია არგუმენტებისთვის. ერთი სურვილი მამოძრავებს - ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ნაცად ხერხს მივმართავ და ლიტერატურიდან, კინოდან და ზეპირსიტყვიერებიდან მაგალითებისა და პარალელების მოშველიებით, შავი იუმორით ვუპასუხებ „მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებს“:
1) მარად აქტუალური კითხვაა - არქიფო სეთურის „ბრიგადები“ მთაში აღმა რომ თხრიან გვირაბს და გამოღმა, ღრმა ჭაში მოკალათებული ქონდრისკაცის ზარის შემოკვრაზე რომ არიან მიყურადებული, რა, არ იციან, რომ სანუკვარ მიზანს ვერასდროს მიაღწევენო? მეგობრებო, დამიჯერეთ, ასე იოლად არ არის საქმე. რა თქმა უნდა, ვინმე „გულუბრყვილო“ იტყვის - იციან, მაგრამ სხვა არჩევანი არა აქვთო. მოდით, ამ ურწმუნოებს თავი დავანებოთ, ოპტიმიზმი მოვიმარჯვოთ და სხვა რაკურსით შევხედოთ მომავალს. ასეთ შემთხვევაში, ადვილად დავრწმუნდებით, რომ აუცილებლად მიაღწევენ... მეორე მხრიდან, დედამიწას წრეს რომ შემოუვლიან... ხომ ხედავთ, კაცი თუ მოინდომებს, რაციონალურ გადაწყვეტას ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც იპოვის. საკამათოც არაა, რომ ყოველი მეტრის გავლის შემდეგ, მიწის მთხრელები უფრო მეტად იქნებიან ზებოში და უფრო მეტი ზებო იქნება მათში.
2) „ბაკულას ღორები“ ხომ მთლიანად, პირველიდან ბოლო სიტყვამდე, დღევანდელობის ამსახაველი დრამაა. წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და სცადეთ, კლდიაშვილისეულ ბრწყინვალე სახეებსა და ხასიათებს თანამედროვე პოლიტიკოსების სახეები და ხასიათები მოარგოთ. მენდეთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
3) ერთმა უკრაინაში „მოღვაწე“ ქართველმა ნაც-ზონდერ-პროვოკატორმა გაავრცელა მიმართვა - „ცისფერთვალება ევროპელებო, თქვენი იმედი გვაქვსო“. მიმართვის მიზანი, რასაკვირველია, ტრადიციული, პუტინისთვის „სატოპკეზე“ აწევა იყო, რომელიც, თავის მხრივ, წლებია ამტკიცებს, რომ უკრაინას ფაშისტი ნაციონალისტები მართავენო, მაგრამ ეს იქით იყოს... უთანასწორო ბრძოლაში ჩართულ უკრაინის ხელისუფლების თხოვნა-მოთხოვნებთან დაკავშირებით ამერიკა-ევროპის კოლექტიურ პასუხებზე, უნებლიეთ, საველი კრამაროვის გმირის დამწუხრებულ-თვითირონიულ-გაკვირვებული სახე წარმომიდგება ხოლმე - „პამაგუ... პამაგუ... ჩერეზ პიატ ლეტ... გენატსვალე...“
4) ძნელია, ეჭვი შეგეპაროს NATO-სკენ უკრაინის სწრაფვის გულწრფელობაში, მაგრამ...
სკოლის ბიოლოგიაში ყველაზე უიმედო ოროსანსაც ნასწავლი აქვს ეს გაკვეთილი, ასე ვთქვათ, თავისი „სპეციფიკური“ შინაარსიდან გამომდინარე. ამონარიდი სახელმძღვანელოდან: „ახალი სიცოცხლის ჩასახვა უნიკალური პროცესია, რომელიც სპერმატოზოიდის საშუალებით კვერცხუჯრედის განაყოფიერებით იწყება. მილიონობით სპერმატოზოიდიდან კვერცხუჯრედამდე მხოლოდ ათეული აღწევს და მათგან მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს მას“.
ეს „მეცნიერული წიაღსვლა“ იმისთვის დამჭირდა, რომ როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ისევ იუმორით მხილების, ანუ მწარე (სიმართლე მწარეა) იუმორის გამოყენებით, ვცადო, ვუწამლო შეურაცხყოფილი საზოგადოების სულის ტკივილს:
ერთი ძველი ანეკდოტია, 70-იანი წლების - სპერმატოზოიდები თავქუდმოგლეჯილი გარბიან, რადგან იციან, რომ მხოლოდ კვერცხუჯრედთან პირველმისულს აქვს გამარჯვების და აქედან გამომდინარე, გადარჩენის შანსი. ნახევარი გზაც არა აქვთ გავლილი, რომ დაწინაურებული სპერმატოზოიდი მოულოდნელად, ელდანაცემივით გაჩერდება, შეტრიალდება გახვითქული კონკურენტებისკენ და სასოწარკვეთილი ხმით დაიძახებს - „ძმებო, შეჩერდით, ღალატია... ტრაკში ვართ“. (ბოდიში სკაბრეზისთვის. სწორი ნაწლავი რომ დამეწერა, ანეკდოტი „ავთენტიკურობას“ დაკარგავდა).
*
მაგალითები და პარალელები ბევრია, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია, სათქმელი უკვე ითქვა და გამგები გაიგებს, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება.
ვიფიქრე, წერილს ბოლოში დამწუხრებულ-გაბრაზებული სმაილი მოუხდებოდა, მაგრამ ასეთი ინტერნეტის დიდ კოლექციაში, უბრალოდ, ვერ ვიპოვე.
ბიძინა დვალი
02.03.2022 წ.
P.S. მიუხედავად ჩემი დღევანდელი განწყობისა, მაინც ოპტიმისტად ვრჩები. უსამართლობა მუდმივად ვერ იბოგინებს. განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, პუტინის ეპოქის დასრულებასთან ერთად (მანამდე საეჭვოა), რუსეთში დაიწყება რღვევის ახალი პროცესი, როგორც ეს იყო 80-90-იან წლებში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტაგნაციის პერიოდიც ხომ უნდა დასრულდეს როდისმე? როგორც მრავლისმნახველმა და ათეულობით წლების სტაჟის მქონე პოლიტიკის ანალიტიკოსმა, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი გარემოების თანხვედრა იქნება ახალი ეპოქის ათვლის წერტილი. მთავარია, მანამდე გასავლელ ბეწვის ხიდზე ჭკუით, ცივი გონებითა და ნაკლები ემოციებით ვიაროთ.