logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
- +

3 მარტი. 2022. 11:33

 

 

„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ წინააღმდეგობის მერვე დღე გრძელდება. საოკუპაციო ჯარებმა ამ ღამით კვლავ მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ტაქტიკას“, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ აგრძელებენ გარკვეული ხაზების დაცვას, კონტრშეტევას და საოკუპაციო ძალების ბლოკირებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

როგორც მედია წერს, ვოლინის მიმართულებით მტერი აგრძელებს საჩვენებელი მოქმედებების განხორციელებას სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

 

მათივე ცნობით, პოლესკის მიმართულებიდან მტერი ცდილობს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კოზაროვიჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის, ობუხოვის დასახლებების მიდამოებში.

 

მედია შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ საველე ლოგისტიკური ბანაკები განლაგებულია ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონსჩინას რაიონებში, სევერსკის მიმართულებით რუსი დაპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს ჩერნიგოვში, ნიჟინში, სუმში, ლებედინში, ახტირკაში.

 

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 საარმიო კორპუსის მე-200 ბრიგადის ძალები, რომლებმაც დაკარგეს ჯავშანტრანსპორტიორების ნაწილი, ახდენენ გადაჯგუფებას და ცდილობენ წინსვლას ბროვარისა და კიევის მიმართულებით. კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო და საარტილერიო შეტევებს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

 

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მტრის ქვედანაყოფები და ნაწილები კონცენტრირებულია ბარიშევკას, ნოვაია ბასანის, ლიუბეჩის დასახლებებში.

 

„სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩოვის, ხარკოვის, ბალაქლეას დასახლებების რაიონებში. მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით, კატასტროფულად ესაჭიროება დაკარგული ტექნიკისა და პერსონალის შევსება“, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობებში.

 

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონეცკის მიმართულებით დამპყრობლები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის დასახლებების რაიონებში.

 

„მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს ოპერაციებს ენერგოდარის, ვასილიევკას, ტოკმაკის, ნოვოპეტროვკას დასახლებების რაიონებში. საოპერაციო რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ შეტევა გრძელდება ზაპოროჟიესა და მარიუპოლის გარეუბანში შესაღწევად. ამ უკანასკნელის დაკავება, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოხდეს მისვლა, ვერ ხერხდება. რუსეთის ტავრიჩესკის მიმართულებიდან მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს. გადაჯგუფების და საოპერაციო რეზერვების შემოღების შემდეგ, მან თავისი ძირითადი ძალისხმევა გაამახვილა ნიკოლაევის – ვოზნესენსკის მიმართულებაზე. შავ ზღვაში მტრის ფლოტის ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო ხომალდების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების დაკავებას. აკვატორიაში შეინიშნება ოთხი დიდი სადესანტო გემისა და სამი სარაკეტო კატარღის სადესანტო რაზმის მოძრაობა ოდესის მიმართულებით. ბალოვნოიეს დასახლების მიდამოში დამპყრობელმა მცირე დესანტი ჩამოაგდო, რომელიც განადგურდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner