„დღეს ჩვენ ვართ დიდი და ისტორიული დღის მომსწრე. ის, რაც წლების განმავლობაში მიუღწეველი იყო, შესაძლებელი გახდა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაატარა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ემსახურებოდა.
„საქართველო საკუთარი ისტორიით, გეოგრაფიით და თანამედროვე ახალგაზრდა, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოთი იმსახურებს იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ის რაზედაც თაობები ოცნებობდნენ, დღეს რეალობად იქცა, ჩვენს თვალწინ ძლიერი საქართველოს, ახალი ისტორია იწერება. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაატარა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ემსახურებოდა. მჯერა, საქართველო კვლავ განაგრძობს წინსვლას და დემოკრატიის გაძლიერებას, რადგან დემოკრატია მუდმივ მოძრაობას და განვითარებას გულისხმობს. დღეს საქართველო მრავალ ასპექტში ევროკავშირში შემავალ რამდენიმე ქვეყანას აღემატება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპირატეს მდგომარეობაში აყენებს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.