„მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს და ვუსურვო, რომ ძალიან მალე მოახერხონ იმ ჭრილობების მოშუშება, რაც მათ ამ აგრესიის შედეგად მიიღეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან რთულია იმ ყველაფერის ყურება, რაც უკრაინაში ხდება.
„ვხედავთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა, რამდენი ნგრევა გამოიწვია, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა და ძალიან მძიმეა ამის ყურება. ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები ამ ქვეყანასთან მაკავშირებს, 3 წელი კიევის დინამოს ფეხბურთელი ვიყავი, უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს უკრაინაში. უკრაინელ ხალხს დიდი სიყვარული აკავშირებს ჩვენ ქვეყანასთან და ქართველებთან. ძალიან რთულია დღეს ვუყუროთ იმ ვითარებაში მყოფ უკრაინას, რასაც ვხედავთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს და ვუსურვო ის, რომ ძალიან მალე მოახერხონ იმ ჭრილობების მოშუშება, რაც მათ ამ აგრესიის შედეგად მიიღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.