„ჩვენ თქვენს მოლოდინს კიდევ ერთხელ გავამართლებთ", - ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ამომრჩეველს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.
კალაძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მართვის 4-წლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე.
"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. ჩვენ რეალური შედეგებით დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შეცვალა ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული დამღუპველი რეალობა! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს! ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ! ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხსიმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო! ჩვენ პოლიტიკური ძალა ვართ ადამიანური სახით!", - მიმართა ახალციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს კახა კალაძემ.