მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, მმართველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმებას უნდა დაუბრუნდეს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულება კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, რომელიც უკვე მიღწეულია.
„ამ კონტექსტში შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი ალბათ არარელევანტურია. ჩვენ ევროკავშირთან ახალ ეტაპზე გადავდივართ. ჩემთვის უცნაური და მიუღებელია, როდესაც ჩვენი ოპონენტები იხსენებენ იმ შეთანხმებას, რომელზეც ძალიან დიდხანს ველოდეთ მათ ხელმოწერას და ეს არ მოხდა. უნდა გავმიჯნოთ. შარლ მიშელის შეთანხმება ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, რომელიც მიღწეულია - შიდაპოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ამჯერად საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ პოლიტიკურად ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირში და დღეიდან გადავდივართ ახალ ეტაპზე, როდესაც ევროკავშირთან უნდა დავიწყოთ კონსულტაციები იმაზე თუ რა იქნება გზამკვლევი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.