„დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, - ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. დეპუტატმა მოსახლეობას გაახსენა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ სწორედ ის იყო, რომ 2024 წელს წევრობის განაცხადი გაკეთდებოდა.
„თუმცა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, რაც უკრაინის ომთან დაკავშირებით გვაქვს, ფაქტობრივად შეგვიქმნა ახალი რეალობები. ჩვენ უკრაინასთან მხარდამხარ მივისწრაფვით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციისკენ და დღეს უკვე დაგვიდგა რეალობა, რომ უკრაინას ომმა ფაქტობრივად დააჩქარა ეს პროცესი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.