„ჩვენ მიერ წარდგენილი განაცხადი, რომლის მიზანიც არის, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს შემდგომში ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ძალიან რეალურია რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების საფრთხე.
„განაცხადი საქართველოს მისცემს მეტ შესაძლებლობას ევროინტეგრაციის გზაზე, რათა მან დაჩქარებული ტემპებით განახორციელოს რეფორმები, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, შექმნას უფრო უკეთესი ჯანდაცვა, უფრო უკეთესი განათლების სისტემა და ა.შ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ დაჩქარებული წესით მსგავსი საკითხის განხილვაზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად ახალ რეალობაში ვართ და მხოლოდ პროცედურულად შევხედოთ აღნიშნულ საკითხს, ვფიქრობ, არ იქნება სწორი. დღეს ძალიან რეალურია რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების საფრთხე, მათ შორის ჩვენთვის, რადგან ჩვენც როგორც უკრაინელები სამიზნე ვართ რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების. ჩვენ არაერთგზის და დღესაც ვართ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის სამიზნეები. შესაბამისად, ეს მოცემულობა გვკარნახობს, რომ აუცილებელია არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.