„ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს განკიცხვას, როდესაც ომია - დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაირკვევა, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ელჩის გაწვევაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ ელჩის კომენტარები სადაც მან პრაქტიკულად გამორიცხა ის გარემოებები რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ტელევიზიებით აპრიორი მიაწოდა როგორც ფაქტები ჩვენს საზოგადოებას. სამარცხვინოა, როდესაც შენ ლაპარაკობ უფრო ადრე იმ ადამიანზე, რომელიც გაიწვიეს. ეს ხომ სამარცხვინოა და შენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, როდესაც იმაში ადანაშაულებ საკუთარ სამშობლოს, რაშიც ელჩი გამოდის და სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობს.
პრეზიდენტ ზელენსკის ჰყავს მრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკითხებით დაინტერესებულები არიან, ამიტომ ომის დროს ჩვენი მხრიდან რაიმე კრიტიკული განცხადებების და შეფასებების გაკეთება არ იქნება. უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენ გავაგრძელებთ და მოვიქცევით ისე, როგორც ღირსეული პარტნიორები იქცევიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
1-ელ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.