logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენი კანდიდატურის წარდგენით ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროკავშირში ინტეგრაცია ახალ ეტაპზე გადადის
- +

4 მარტი. 2022. 12:06

 

 

„ძალიან რთული და მძიმე პერიოდია, მაგრამ 3 მარტი მართლაც ისტორიული დღეა. ემოციებით დატვირთული დღეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ გზაზე საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ჩვენი კანდიდატურის წარდგენით ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროკავშირში ინტეგრაცია ახალ ეტაპზე გადადის. მინდა ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს მნიშვნელოვანი დღე“, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად შესაბამისი პროცედურები დაიწყება. ამ მიზნით მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში უკვე გადასცა.

 

„მქონდა დიდი პატივი, საქართველოს წარდგინების წერილი გადამეცა საფრანგეთის საელჩოსთვის. ჩემმა ფრანგმა კოლეგამ ეს დოკუმენტი ჩაიბარა. ელჩი დოკუმენტს გადააგზავნის პარიზში და წარუდგენს საფრანგეთის პრეზიდენტს. ელჩი ამავდროულად გააცნობს თავის კოლეგებს ევროკავშირში, ანუ ორგანიზაციის ელჩებს ბრიუსელში. ამის შემდეგ მოხდება საკითხის განხილვა და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების შესაბამისად ეთხოვება ევროკომისიას საკითხის შესწავლა.

 

ევროკომისიამ უნდა დადოს ანგარიში, თუ რამდენად მზადაა საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ ნაბიჯს მოჰყვება კონკრეტული მოლაპარაკებები იმ თავების გარშემო, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამ ურთულეს პერიოდში არაერთი არაორდინარული გადაწყვეტილების მომსწრები ვართ და არ უნდა გამოვრიცხოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner