logo_geo
eng_logo
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საბიუჯეტო გზამკვლევის, ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევის, კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
- +

4 მარტი. 2022. 17:05

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საბიუჯეტო გზამკვლევის, ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევის, კომიტეტის სტრატეგიისა და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, დონორებთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის.

 

„საბიუჯეტო გზამკვლევი - ,,კომპასია“ რომელიც დეპუტატებს, ყველა დაინტერესებულ პირს, საშუალებას მისცემს საბიუჯეტო პროცესის ,,ლაბირინთებში გაიკვლიოს გზა“. ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი კი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მითუმეტეს აქტუალურია დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის და აქედან გამომდინარე უკვე დამდგარი თუ მოსალოდნელი მაკრო და მიკრო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. კომიტეტის მანდატია: საბიუჯეტო ზედამხედველობა, მონეტარული პოლიტიკის ზედამხედველობა, საპენსიო რეფორმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობა, დეპოზიტების დაზღვევა და ა.შ. ამ მიმართულებებით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ურთიერთ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პროცესებს ეხმიანება ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

 

რაც შეეხება კომიტეტის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ეს არის მთავარი დოკუმენტი სადაც გაწერილია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის უახლოესი წლების პრიორიტეტები. კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მის პროექტს - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივას“ (GGI) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და დახმარებისთვის.

 

პარლამენტში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი მექვაბიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, პარლამენტის წევრები, ბიზნესის, საფინანსო, საკონსულტაციო და ანალიტიკური კომპანიების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner