„როდესაც ადამიანებს, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაგან მოითხოვება ერთიანობა, აქვთ დეკლარირებული ერთი პოზიცია და რაღაცას აშკარად მალავენ ამის უკან და რეალურად აქვთ სხვა ზრახვები - ასეთ ფონზე მოსალოდნელია, რომ თუნდაც ისეთ კრიტიკულ მომენტში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით ეს ადამიანები თუნდაც ფორმალურად, თუნდაც ელჩის მოწოდებიდან გამომდინარე ერთიანობას ხელს შეუწყობენ? - არა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, რომ საზოგადოების გაერთიანება არცერთი საკითხის გარშემო არ მოხდეს.
„თუ არ მოხდა ამ ხალხის ლუსტრაცია, აბსოლუტურად გამომზეურება იმ მანკიერი პრაქტიკებისა, რასაც ისინი სთავაზობენ საზოგადოებას, ასეთ შემთხვევაში ეს რასაკვირველია ყოველთვის საფრთხის წინაშე დააყენებს ქართულ საზოგადოებას, რომ ის იყოს ერთიანი. აი, ამაში ვხედავთ პრობლემას. პოლარიზაციის ის მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ოპოზიციის დესტრუქციულობა და რადიკალურობა ამ შემთხვევაში ამაში გამოიხატება, რომ ისინი არ ტოვებენ დიფერენცირებული მიდგომების შესაძლებლობას, მოქალაქეებისთვის მეტი არჩევანის და პლურალისტური გარემოს დაშვებას და ა.შ. ამაშია პრობლემა.
ნებისმიერი კამათის და შეუთანხმებლობის ფუნქცია უნდა იყოს, რომ ადრე თუ გვიან მიმართული უნდა ვიყოთ აზრების კონსოლიდაციისკენ. რომ ნამდვილად უნდა ვიპოვოთ რაღაც საკითხები რასთან დაკავშირებითაც საერთო ხედვის წერტილები გვექნება, ეს უდავოა. და ამ დროს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელოვნურად ქმნის ბარიერების იმისთვის, რომ არცერთ საკითხზე არ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.