logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეული“: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა
- +

5 მარტი. 2022. 00:35

 

 

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისა და უკრაინის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

„ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაფრით პროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ბელარუსის მთავრობის ჩართულობით მოხდა. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები. პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთი გლობალურ იზოლაციაში მოაქცია, რასაც მოწმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე აბსოლუტური უმრავლესობით მიღებული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და მას ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ უკრაინის, მისი თავისუფლად არჩეული მთავრობისა და მისი მამაცი ხალხისადმი ურყევ მხარდაჭერას ამ ყველაზე რთულ დროს.

 

„ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მინისტრები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმ კატასტროფული ჰუმანიტარული მსხვერპლის გამო, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებს მოჰყვა.

 

„რუსეთის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩენილა. შორსმიმავალი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების რამდენიმე პაკეტი დავაწესეთ. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner