logo_geo
eng_logo
The Guardian: დროა, დაისვას კითხვა: როგორი შეიძლება იყოს რუსულ-უკრაინული სამშვიდობო შეთანხმება
- +

5 მარტი. 2022. 12:14

 

 

„დროა, დაისვას კითხვა: როგორი შეიძლება იყოს რუსულ-უკრაინული სამშვიდობო შეთანხმება“ - ამ სათაურით სტატიას გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი ანატოლ ლივენი წერს, რომ თუ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, ამ საკითხის გარშემო დიპლომატიური შეთანხმება იქნება მისაღწევი.

 

„დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს სამშვიდობო შეთანხმებას და რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანას, რის სანაცვლოდაც რუსეთს ყველა ახლად დაწესებული სანქცია მოეხსნება. ეს შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის აღდგენის მასიურ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინას დასავლეთისკენ სვლაში - ეკონომიკურად და პოლიტიკურად, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით - ზუსტად ისევე, როგორც ამას ფინეთი და ავსტრია აკეთებდნენ „ცივი ომის“ დროს, მათი ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად.

 

რუსული მხარე ითხოვს, რომ უკრაინამ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს, დაიწყოს „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“, ასევე აღიაროს რუსეთის სუვერენიტეტი ყირიმის ნახევარკუნძულზე. ეს პოზიცია შეიცავს მისაღებ, მიუღებელ და გაურკვეველ მოთხოვნებს. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის ძალის გამოყენებაზე, რათა უკრაინა დასავლეთის სამხედრო მოკავშირე არ გახდეს; დასავლეთი კი უკრაინის დასაცავად არ იომებს.

 

რაც შეეხება „დემილიტარიზაციასა“ და „დენაციფიკაციას“, ამ ტერმინების მნიშვნელობა უნდა განიმარტოს. დემილიტარიზაცია მიუღებელი იქნება, თუ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაშლას ითვალისწინებს, მაგრამ ბოლო განცხადებებში სერგეი ლავროვი ხაზს უსვამდა, რომ რუსეთი მზადაა, დაკმაყოფილდეს უკრაინაში რაკეტების განთავსებაზე აკრძალვით.

 

„დენაციფიკაცია“ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიების და დაჯგუფებების აკრძალვას. ეს არის მიუღებელი ჩარევა უკრაინის შიდა საქმეებში, მაგრამ შესაძლებელია, რომ უკრაინამ მოსკოვს კონტრწინადადება წარუდგინოს, რომელიც დაარწმუნებს კრემლს, რომ უკრაინაში ეთნიკური რუსების უფლებები და მომავალი კონსტიტუციით იქნება დაცული, რასაც, სხვათა შორის, დასავლეთმაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუჭიროს მხარი.

 

ასევე რჩება ანექსირებული ყირიმის საკითხი. ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის დაცვასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს რეალობა, მომავალი კონფლიქტის პრევენცია, რეგიონის მოსახლეობის ინტერესები - რაც სწორედ ისაა, რასაც დასავლეთი რუსეთისგან კოსოვოს შემთხვევაში ითხოვს“, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner