logo_geo
eng_logo
აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა
- +

8 აგვისტო. 2016. 01:07

8 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო დაპირისპირებები დაიწყო. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა,  დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.


რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

 

ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.



საბრძოლო მოქმედებებამდე, 7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა.  იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს.


რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე.  დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.


აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი, საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს.


რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად გორის რაიონს 10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელში ჩავიდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებოდნენ სოფელ პერევში, რომელიც 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს.


2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.



დღეის მონაცემებით სამხრეთ ოსეთი, სამაჩაბლო, აფხაზეთი  და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია. პროვოკაციული ქმედებები შიდა ქართლში, რუსების მხრიდან დღემდე გრძელდება.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner