ავტორი ბიძინა დვალი
სამიოდ დღის წინ გამოქვეყნებულმა ჩემმა წერილმა, „უკრაინა და NATO“, ღიად, საჯარო სივრცეში, მხოლოდ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი მოწონება დაიმსახურა. კარგად მესმის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისამართით კითხვების გაჩენაც კი, მყისიერად, ნაცპროვოკატორებისა და სხვა დაქირავებული, თუ „ალალი ბრიყვი“ მავნებლების სამიზნედ გაქცევს და შეიძლება „ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს“, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სახელმწიფოს ინტერესი გაცილებით მაღალი ღირებულებაა, ვიდრე „ნერვების გაფრთხილება“, მაინც გადავწყვიტე, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე უკიდურესად მწარე შეფასებებით (სიმართლე მწარეა), ცნობილი ფსევდოდასავლელების მუდმივ ბულინგში მყოფი გონიერი და მართალი მხარე ოდნავ მაინც შემეფხიზლებინა.
ჩემი აქტიურობის მთავარი მიზეზი ზემოხსენებული მავნებლების მიერ ჩვენი ქვეყნის წინასწარ წაგებულ ომში ჩათრევის დაუოკებელი სწრაფვის პრევენცია იყო და არის ახლაც, როცა ამ სტრიქონების დალაგებას ვცდილობ ლოგიკური თანმიმდევრობით.
მადლობა ღმერთს, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. ღია ომში ჩათრევის ორი მცდელობა, სანქციებთან მიერთება და მოხალისეების გაგზავნა, მოგერიებულია. წარმატებით დაიწყო მესამე, ქართული ბუნებისთვის სრულიად შეუსაბამო, ეთნიკური რუსების მიმართ დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის გაუვნებელყოფის პროცესიც. შეხსენებისთვის, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი „ოფიციალური მიზეზი“ „ნაციონალისტებისგან რუსი მოსახლეობის დაცვა იყო“. შესაძლო პროვოკაციების რაოდენობა ბევრია და სამწუხაროდ, მათ როგორც რუსეთის ოფიციალური და მისგან მართვადი წრეებიდან, ასევე ჩვენი „მეგობრებიდანაც“ ჰყავთ წამქეზებლები.
სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, განმარტებისთვის, ვიტყვი, რომ საქართველოსთვის NATO-სთან მიერთება არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო მექანიზმი, მაგრამ... არის ერთი მაგრამ - აუცილებელია ამა თუ იმ აქტიური მოქმედებისთვის დროის სწორად შერჩევა. აშკარაა, რომ უკრაინის შემთხვევაში სურვილები არ იყო შესაბამისობაში არც NATO-ს და არც უკრაინის მზაობასთან, შესაძლებლობებთან... დღეის მდგომარეობით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა ექსპერიმენტის მსხვერპლი, სახელწოდებით - „რას იზამს რუსეთი“. ჩვენი, როგორც პარტნიორის პრეტენზია NATO-ს მიმართ ის უნდა იყოს, რომ როცა იცი, პუტინის რუსეთის არაადეკვატური რეაგირებების შემთხვევაში შენ, NATO, ღია დაპირისპირებაზე წამსვლელი არ ხარ, რაგდან არ შეიძლება სამყარო მესამე და უკანასკნელი მსოფლიო ომისთვის გაწირო, სრულიად დაუცველი ადამიანების ხარჯზე ექსპერიმენტები არ უნდა ატარო.
შედეგად ის მივიღეთ, რომ უკრაინა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, ხოლო NATO-მ, თავის მხრივ, განიცადა უდიდესი რეპუტაციული ზიანი. უკან მიდევნებული პროპაგანდა, რომ „პუტინი ადრე თუ გვიან პასუხს აუცილებლად აგებს“, მათთვის, ვისაც ოჯახები დაენგრა და სახლ-კარი თავზე ჩამოექცა, ვერაფერი შეღავათია. ჩემს მიერ ამ აბზაცში გამოთქმული დასკვნების მართებულობის დასტურად და საილუსტრაციოდ პრეზიდენტ ზელენსკის 4 მარტის განცხადებაში გაკეთებული შეფასებებიც იკმარებს:
„დღეს NATO-ს ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, რადგან უარი თქვა არასაფრენი ზონის გამოცხადებაზე...“
„თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე. თქვენ კი რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე?..“
„დღეიდან ხალხი თქვენ გამო, თქვენი სისუსტის გამო დაიღუპება...“
„განა ასეთი NATO გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს აშენებდით?..“
„თქვენ შეგეძლოთ საჰაერო სივრცის დახურვა, მაგრამ მე არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა საკუთარი ქვეყნების დაცვა - ალიანსის ქვეყნების...“
„ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო, ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ალში დაიწვა...“
„თქვენ ჩვენს მიერ ევროპისთვის დაღვრილ ლიტრობით სისხლს საწვავის ლიტრებით ვერ გამოისყიდით...“
არანაკლებ მძიმეა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეფასებებიც:
„ომამდე უკრაინელი ხალხი NATO-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად. ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი... NATO კი, ვერაფერს წყვეტს... ეს არის სისუსტე, რომლისთვისაც ალიანსი სათანადოდ გადაიხდის...“
ბუნებრივად დაისმის კითხვები - რა იქნებოდა სწორი?.. რა არის გამოსავალი?..
სამწუხაროდ, პროცესი ისეთ ღრმა ფაზაშია შესული, ვფიქრობ, კარგი გამოსავალი, ანუ არც მშვიდობიანი და არც სამართლიანი გამოსავალი, უკვე აღარ არსებობს. NATO-ელი პარტნიორების მხრიდან ქმედითი დახმარების გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენილი უკრაინა მხოლოდ თავისი ხალხის იმედზეა და ღმერთმა გაამარჯვებინოს რაიმე ზებუნებრივი ძალით. არც „ფარდის მიღმა“ შეინიშნება ისეთი მოძრაობები, რაც გვაფიქრებინებს, რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს. ისევ და ისევ სამწუხაროდ, ვითარების არსებითად შეცვლის თეორიული ვარიანტების ძებნამაც კი დაკარგა აზრი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მოთხოვნამ, რომ „ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, დიდი ხანია, ასევე დაკარგა წონა და ფასი და იგი ერთგვარ, მხოლოდ საარქივო მასალად განწირული პროტოკოლებისთვის გათვლილ, „სავალდებულო აუცილებლობად“ იქცა.
საზოგადოებისთვის თანდათან ნორმის სახე მიიღო, რომ ყველა საუბარი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალზე სამწერტილით მთავრდება...
რაც შეეხება იმას, თუ რა იქნებოდა სწორი...
უკვე მთელი კატეგორიულობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ პუტინთან „კავკასიურ ცარცის წრეში“ შესვლა არ ღირდა, არ იყო გამართლებული და ასე იქნება მომავალშიც. ის „ბავშვს“ ყოველთვის, ყველა შემთხვევაში გაგლეჯს, რადგან მისთვის „ბავშვი“ არ არის და არც არასდროს იქნება მთავარი და მნიშვნელოვანი, ის მხოლოდ საშუალებაა ბოროტი „დერჟავული“ ზრახვების მისაღწევად.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი მოქმედებების დროის შერჩევასთან დაკავშირებით, ჩემი წინა წერილის P.S.-ში გამოთქმულ მოსაზრებას გავიმეორებდი - „ერთმმართველობის განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, პუტინის ეპოქის დასრულებასთან ერთად (მანამდე საეჭვოა), რუსეთში დაიწყება რღვევის ახალი პროცესი, როგორც ეს იყო 80-90-იან წლებში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტაგნაციის პერიოდიც ხომ უნდა დასრულდეს როდესმე? როგორც მრავლისმნახველმა და ათეულობით წლების სტაჟის მქონე პოლიტიკის ანალიტიკოსმა, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი გარემოების თანხვედრა იქნება ახალი ეპოქის ათვლის წერტილი. მთავარია, მანამდე გასავლელ ბეწვის ხიდზე ჭკუით, ცივი გონებითა და ნაკლები ემოციებით ვიაროთ.“
ბიძინა დვალი
05.03.2022 წ.
P.S. ძალიან მინდა, ეს წერილი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წაიკითხოს. მას აქვს რამდენიმე დღე თავისი ბოლოდროინდელი „მანევრებიდან“ გამომდინარე მოსალოდნელი შედეგების გააზრებისთვის. იმედი მაქვს, ან თვითონ დაინახავს და ან ვინმე ჭკუათმყოფელი უახლოესი გარემოცვიდან უკარნახებს და დაანახვებს, „ახალი თანამოაზრის“ შეძენით აჟიტირებული ნაცმავნებლები როგორ იფშვნეტენ ხელებს. იმედი მაქვს, იმის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, თუ სად არის ნათელი და სად კიდევ ჭაობი.