„ნუ გაემგზავრებით რუსეთში, რუსული სამხედრო ძალების უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის გამო, აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალების მხრიდან მოსალოდნელია შევიწროება, საელჩოს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, ასევე, ნუ გაემგზავრებით COVID-19-თან და ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების, შეზღუდული ფრენების გამო. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. შეზღუდული კომერციული ფრენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ასევე გახსნილია სახმელეთო მარშრუტები მანქანითა და ავტობუსით მზგავრობისთვის. თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ ზომები“, - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, საელჩო მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში არიან, აცნობებს, რომ სიტუაცია საზღვრის გასწვრივ არის საშიში და არაპროგნოზირებადი.
„მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, არ იმოგზაურონ სახმელეთო გზით რუსეთიდან უკრაინაში. გარდა ამისა, მთელ რუსეთში არსებობს უცხოელთა შევიწროების საშიშროება, მათ შორის, სპეციალურად უცხოელების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების გამოყენებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის ჩეჩნეთისა და იალბუზის მთის მიმართულებით, რადგან არსებობს ტერორიზმის, გატაცებებისა და სამოქალაქო არეულობის რისკი. ამასთან, მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ყირიმისკენ.