„იანვარი ჩვენ აქტიურად დავიწყეთ. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და შეიძლება ითქვას ევროპაშიც, ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ.
„ამიტომ ეს ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ შენელდეს, პირიქით უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ აქტიურად ის პროგრამები, რომლებიც დავაანონსეთ. ესაა დასაქმების, ესაა ეკონომიკის ავსე ვთქვათ დამაჩქარებელი პროექტების დაწყება. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. გამოწვევების რა თქმა უნდა დიდია რეგიონში, მაგრამ ჩვენ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.