logo_geo
eng_logo
დავით საჯაია: სულხან მოლაშვილი არ მომკვდარა... მან სხვა სივრცესა და განზომილებაში გადაინაცვლა... ამას გარდაცვალება ჰქვია!
- +

8 აგვისტო. 2016. 11:07



ა.წ. 29 ივნისს სულით ხორცამდე შემძრა ცნობამ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ. უეცრად დრო გაჩერდა, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. საქართველოში არმყოფმა, ვერასგზით აღვიქვი და გავაცნობიერე თავზარდამცემი ამბავი. მით უმეტეს, რომ მკურნალობამ აშკარად შედეგი გამოიღო და ყოველივე, ერთი შეხედვით, უკეთესობისკენ მიდიოდა.


            მოგვიანებით, როცა მთლიანად გავაცნობიერე მომხდარის ტრაგიზმი, მივხვდი, რომ დავკარგე უძვირფასესი ადამიანი, კეთილი მრჩეველი და დამკვალიანებელი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა მამაჩემს - ნუგზარ საჯაიას. თვალწინ მეტეორივით ჩაიქროლა ბატონ სულხანთან გატარებულმა თითოეულმა წამმა. მასთან ურთიერთობისას იშლებოდა ყოველგვარი ასაკობრივი ზღვარი. მე მისთვის ერთდროულად ვიყავი შვილიც, მეგობარიც და თანამზრახველიც. მან ჩემში იგულა ადამიანი, რომელსაც შეიძლება ბოლომდე უყოყმანოდ გაენდო. ჩვენი ურთიერთობა მოიცავდა მრავალ სფეროს. ეს არ იყო მხოლოდ ყოფითი პრობლემები. მე მისგან ვიღებდი უაღრესად საჭირო რჩევა-დარიგებებს პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ პირად საკითხებზე. ღრუბელივით ვისრუტავდი მისგან წამოსულ თითოეულ სიტყვას, ფრაზას, შეგონებასა თუ დარიგებას. სხვანაირად შეუძლებელიც იყო, რადგან ბატონ სულხანში შენივთებულ - შედუღაბებული იყო ჭეშმარიტი ქართველი და ნაღდი თბილისელის დახვეწილი მანერები, დიდი ინტელექტი, ერუდაცია და განათლება.


            ყოველივე ზემოთ აღნიშნულის დასადასტურებლად საკმარისია ერთი ამონარიდი სულხან მოლაშვილის საგაზეთო სტატიიდან „ამაყი განრიდება" (ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების გამო): „საგანგებოდ გამორჩეულთა უპირატესი ხვედრია ეგზომ უშიშარი გადაწყვეტილების აღსრულების უნარიცა და ნიჭიც. ისიც საოცრად შთამბეჭდავია, ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს მხოლოდ საკუთარ პერსონასთან იდუმალ დათათბირების შემდეგ ქედმაღლური ჟესტით რომ გადაულოცავ არანაკლებ იდუმალ მარადისობას.


            აუცილებლად აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბატონი სულხანი საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. იყო თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოჯახის მოსიყვარულე ადამიანი. მას შეეძლო გაეცა ულევი სიკეთე და სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა.


            ამბებენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ვერ დავეთანხმები ბოლომდე ამ მოსაზრებას. დრომ შეიძლება განკურნოს ხორციელი ჭრილობა, მაგრამ სულიერი იარის მოშუშება არ ძალუძს. მიჭირს დაჯერება, თუმცა ფაქტია, რომ უკვე ორმოცი დღე მიილია, რაც სულხან მოლაშვილი ზეციური საქართველოს მკვიდრია. ღრმად მწამს, რომ მან ღირსეულ მამულიშვილთა და მართალ კაცთა შორის დაივანა. მისი ნატანჯი სული და სისხლი დღესაც ღმერთს ცაში შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს. იმ სამართალს, რომლის აღსრულებასაც არადა არ დაადგა საშველი. თუმცა ღმერთია ყველას პირუთვნელად გამსჯელი და მოწამეობრივი სიკვდილიც უფლის სამსჯავროს მიერ სათანადოდ შეფასდება.


            სრულიად საქართველოს სულიერმა მამამ, ჩვენმა კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სულხან მოლაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა: „ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, თუმცა ეს სცდება ოჯახის ფარგლებს, ეს არის მწუხარება სრულიად საქართველოსი." როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტებას ღაღადებს პატრიარქის ბაგენი, რამეთუ ბატონი სულხანი, ეს ჯიშიანი ქართველი, თხემით ტერფამდის ინტელიგენტი, პრინციპული და შეუვალი, მართალი და პატიოსანი ადამიანი მოუკვდა ყველა ჩვენგანს და მისი ჭირისუფალი საქართველოს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებაა. ჯალათმა მხოლოდ სხეული ჯიჯგნა უმოწყალოდ, ხორცი შელახა... უკვდავ სულს, მრავალგანსაცდელ გამოვლილს გამობრძნედილი და გამოწრთობილს ვერა დააკლო რა. ასეთია ერის, ბერისა და უფლის განაჩენი. სულხან მოლაშვილი არ მომკვდარა... მან სხვა სივრცესა და განზომილებაში გადაინაცვლა... ამას გარდაცვალება ჰქვია!



დავით საჯაია



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner