საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის პარაოლიმპიური ნაკრების სრული შემადგენლობა რიოში, სექტემბერში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC -ის ინფორმაციით, საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, ფილიპ კრეივენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
,,ანტისადოპინგო სისტემა რუსეთში არ არსებობს, კორუმპირებულია და სრულად კომპრომიტირებულია. ვთვლი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ სპორტსმენებს. მათი მიდგომა ,,მედალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მორალი", ჩემთვის გულისამრევია. მათმა სურვილმა - ნებისმიერი გზით მიაღწიონ გამარჯვებას, გამანადგურებელი ზიანი მიაყენა პარაოლიმპიელებს" , - განაცხადა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვლადიმერ ლუკინი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
ცნობისთვის, დოპინგ სკანდალის გამო, რუსი სპორტსმენები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე არასრული შემადგენლობით გამოდიან.