ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯინ შაჰინთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ზეგავლენა როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.