უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას ვიდეოკავშირის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა არ იტყვის უარს რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვაზე.
„მოგმართავთ, როგორც მოქალაქე, როგორც ასევე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი, ოცნებითა და დიდი ძალისხმევით. ჩვენთვის კითხვა ახლა ასე დგას: ყოფნა თუ არყოფნა? ეს შექსპირისეული კითხვაა. შემიძლია საბოლოო პასუხი გავცე ამ კითხვას - ყოფნა. ჩვენ არ დავთმობთ და არ წავაგებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ბრიტანეთის პარლამენტს სთხოვა, გაზარდოს სანქციების ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ და იგი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს. მან ასევე სთხოვა გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლებს უზრუნველყონ უკრაინის ცის უსაფრთხოება.