გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, რომ საზღვრის კვეთისას მგზავრებს შემოწმების კომპლექსური პროცედურის გავლა უწევთ. ამ თემაზე სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„შესაბამისად, პირი, რომელიც საქართველოს საზღვარზე დაიშვება, აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, რომლებსაც გადის საზღვარზე. 100%-ით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თავის დაზღვევა. საზღვრის კვეთის საკითხი განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება და ამ ნაწილში არსებობს უამრავი საშუალება და მეთოდი, როგორც კონკრეტული პირების, ისე პირთა ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიღების, ამ ინფორმაციის ანალიზის და შესაბამისი ტენდენციების იდენტიფიცირების“, - განაცხადა საბედაშვილმა.
დღეს სუსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება.