„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იცავდნენ იმას, რასაც ჰქვი საქართველოს ღრსება, ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, სახელმწიფო გააგრძელებს ბრძოლას, მანამ, სანამ არ დამტკიცდება საერთაშორისო დონეზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მოხდა ეთნიკური წმენდა და ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა.
„ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მინდა, ყველას მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.