კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 696 326 ლარით დაფინანსდა და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ეზოში საბავშვო მოედანზე კი გასართობი საშუალებებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დამატებით სამუშაო ადგილებიც გაიზარდა.
სოფელში საბავშვო ბაღი 30 წელია არ არსებობდა და ბავშვები მშობლებს მერიის დაქირავებული ტრანსპორტით მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ.
„სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკში, უახლოეს დღეებში კი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესს გავაგრძელებთ, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს აღზრდის თანაბარი პირობები - ლამაზ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.