logo_geo
eng_logo
The Hill: აშშ-მა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა მისცეს, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია
- +

9 მარტი. 2022. 19:37

 

„უნდა განვიხილოთ, რა ეკონომიკური ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებში მდგრადობის გასაძლიერებლად და რეგიონში ამერიკული კავშირების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც რუსულ ჯარს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“, - წერს ბროკ ბირმანი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ აშშ-ს რეალური შესაძლებლობა აქვს, დაუყოვნებლივ მოახდინოს გავლენა, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს, არამედ რეალურ შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს, პუტინის განზე გაწევა მოხდეს.

 

„ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს დასავლეთთან ღრმა ინტეგრაციას. უკრაინაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც აშშ-მა უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედება, რომელიც დაეხმარება საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკის აშენებაში: ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) გააფორმოს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსთან FTA-ს მყისიერი ეკონომიკური გავლენა ექნება, როგორც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ასევე ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის.

 

„ეს გაზრდის ქართული ლარის ღირებულებას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციებს და აშკარად ეწინააღმდეგება რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომ აშშ რეგიონში არადაინტერესებული და არასანდო პარტნიორია. ეს ასევე გააძლიერებს საქართველოს რეგიონულ ლიდერობას“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მას განუცხადა, რომ მსგავსი შეთანხმების დადების პოტენციალი საკმაოდ დიდია.

 

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, თავიდან აიცილებს მზარდ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში, გაზრდის ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობასა და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტურობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ აშშ-მა უნდა იფიქროს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის საკითხზე. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ამჟამად რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, საქართველოში აშშ-ს დაუყოვნებლივ შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს.

 

„ქართველებს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდათ, ეს ყველასათვის მომგებიანი ვარიანტია. საქართველოს ეს შეთანხმება უნდა მივცეთ, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია“, - წერს სტატიის ავტორი.

 

სტატიის ავტორი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ, რადგან პანდემიის ერთ-ერთი გლობალური გაკვეთილი გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაუცველობას ცხადყოფს.

 

„კომპანიები დაინტერესებულნი არიან შეამოკლონ მიწოდების ჯაჭვი, რომელიც მათ სჭირდებათ პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გასატანად. საქართველო მოქნილი შრომის კოდექსით, კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯებით და უცხოური ინვესტიციებისთვის მისაღები გარემოთი მიმზიდველი ვარიანტია მიწოდების ჯაჭვებში უცხოური ინვესტიციებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი ბროკ ბირმანი შეერთებული შტატებში „გერმანიის მარშალის ფონდში“ დემოკრატიული ინიციატივების მიწვეული მკვლევარია. მანამდე იგი USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწედ მუშაობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner