ამერიკული გამოცემა „The Hill”, მკვლევარ ბროკ ბირმანის ავტორობით სტატიას, სახელწოდებით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და აღნიშნულ თემაზე საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.
„ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. მან თქვა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის [სამხრეთ კავკასიაში] დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობას და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტურობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“, - წერს ბროკ ბირმანი.
ავტორის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ის დადებითად იმოქმედებს როგორც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ისე აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე.