აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით პოლონეთის წინადადებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ პოლონეთის წინადადება გვიჩვენებს, რომ გარკვეული სირთულეები არსებობს, როდესაც საქმე უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას ეხება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამას სწორად ვაკეთებთ. გერმანიაში აშშ-ის ნატოს ბაზიდან საჰაერო სივრცეში შესვლა, რომელიც რუსეთმა სადავო გახადა, ნატოს ალიანსში გარკვეულ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხების სპეციფიკაზე. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, არსებობს თუ არა არსებითი დასაბუთება ამის ისე გაკეთებისთვის, როგორც გუშინ წარმოადგინეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
პოლონეთის ხელისუფლება, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მზად არის, თავისი ყველა MIG-29 „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში გადასცეს.
„ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მოგვაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც MIG-29 აქვთ, იმავე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
6 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მწვანე შუქი მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.