ჟურნალ „თბილისელებთან" ალექსანდრე ჯეჯელავა მეტად გულახდილი რესპოდენტი აღმოჩნდა. ცხოვრებისეულ დეტალებთან ერთად, ის მის ,,ტალანტზეც" საუბრობს:
„მყავს ძალიან კარგი მეგობრები. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: დედაჩემმა ბევრი უცნაური სიკეთე გამიკეთა. როგორც ბიოლოგმა, იცოდა, რომ არსებობს ფერმენტი - ალკოჰოლით დეჰიდროგენაზა. ეს არის ნივთიერება, რომელიც შლის ალკოჰოლს და აგვარებს პრობლემას, რომ არ დათვრე. ორგანიზმი დეჰიდროგენაზას მეშვეობით, იმუნიტეტს გამოიმუშავებს ალკოჰოლის წინააღმდეგ. დედას სურდა, რომ ეს იმუნიტეტი მქონოდა მაღალი და ადრეული ასაკიდან ცოტ-ცოტა ღვინოს მასმევდა - ქართული ტრადიციაც ხომ ასეთია. ამან შედეგი გამოიღო: მეათე კლასში ბიჭებმა სმა რომ დავიწყეთ, ყველამ აღმოაჩინა, რომ მე ამ მხრივ მქონდა საოცარი „ტალანტი" - რაც არ უნდა დამელია, არ ვთვრებოდი, არც ხასიათი მიფუჭდებოდა და არც არაფერი მემართებოდა", - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
აქვე ჯეჯელავა აცხადებს, რომ ძალიან კარგი თამადაა.
„1989 წლიდან ათი წლის განმავლობაში, ყველა სუფრაზე მე ვიყავი თამადა. მოგეხსენებათ, ლაპარაკი მეხერხება, ხალხი მიყვარს, კონფლიქტური არ ვარ, ბევრს ვსვამდი და მეტი რა უნდოდა კარგ თამადობას?
1999 წელს გადავწყვიტე, რომ დამთავრდა ჩემი ეს კარიერა. ამაზე ჩემმა მეგობრებმა ძალიან ინერვიულეს, რომ დაკარგეს მაღალი კვალიფიკაციის მორიგე თამადა. მე ვუთხარი: ახლა მე გავჩერდები, თქვენ სანამდე დალევთ იმდენს, რაც უნდა დალიოთ და მერე ისევ გავაგრძელებ-მეთქი. ჯერჯერობით ისევ ტაიმ-აუტში ვარ. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, მაგრამ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, თუ გული ძალიან მღერის, მაშინ თუ დავლევ ხოლმე ცოტას", - ისაუბრა ჯეჯელავამ.