აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პუტინი დამარცხდება და რუსეთი სტრატეგიულ დამარცხებას განიცდის.
„როგორც უკვე ვთქვით, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომს მოიგებთ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქალაქი, თუმცა ვერ მოიპოვებთ მისი ხალხის გულსა და გონებას და ამას უკრაინელები ყოველ დღე აჩვენებენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, თუ პუტინის მიზანია მარიონეტული რეჟიმის დასმა, უკრაინელი ხალხის პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი ამას არასდროს მიიღებენ.
„და თუ ის შეეცდება ასეთი მარიონეტული რეჟიმის თავზე მოხვევას რუსული ძალების უკრაინაში შენარჩუნებით, ეს იქნება ხანგრძლივი, სისხლიანი, გაჭიანურებული არეულობა, რომელშიც რუსეთი მძიმე ტანჯვას განიცდის“, - განაცხადა აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა.