logo_geo
eng_logo
„იავნანამ“ კიდევ უფრო სკანდალური ციფრები დადო - ძველ და ახალ მაჩვენებლებს შორის აცდენებია
- +

8 აგვისტო. 2016. 13:07



საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ცხრილებს აქვეყნებს. მონაცემები, რომელიც მხოლოდ 2011-15 წლებს ეხება, ფონდმა საკუთარ ვებ-გვერდზე ატვირთა. როგორც ჩანს, აქ მოცემული ციფრები კიდევ უფრო სკანდალურია და კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.


„პრაიმტაიმმა" ცხრილები ჩამოტვირთა და თითოეული ციფრი ექსპერტებთან ერთად გაიარა. ახალი ციფრები ძველ მონაცემებს შეადარეს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „იავნანას" მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გადაგზავნილი ციფრები შეადარეა „იავნანას" მიერვე რამდენიმე დღის წინ მომზადებულ ციფრებს...

 

„შეფასებებს შეგნებულად არ გავაკეთებთ, მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ რიცხვები... დასკვნები თავად გამოიტანეთ..." - წერს გამოცემა.


„პრაიმტაიმის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:


შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემულ მონაცემებში დაფიქსირებული ციფრი, რომელიც მთლიან შემოსავლებს ასახავს - 9.5 მლნ ლარი - ამ ნაწილში „იავნანას" საიტზე ატვირთულ მონაცემს ემთხვევა. ვებგვერდზეც მითითებულია, რომ ფონდს შემოსავლების სამი წყარო აქვს: შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, შემოწირულობები და შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან. თითოეულ ამ გრაფაში მითითებული ციფრი სრულიად ემთხვევა შემოსავლებისთვის გაგზავნილ მონაცემებს.


რაც შეეხება მეორე სქემას, აქ გაშიფრულია შემოწირულობები ქველმოქმედებისთვის და ქველმოქმედების ორგანიზებისთვის - სულ 6.15 მლნ ლარი - შეგროვებული ფინანსები. შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მონაცემების ამგვარი ჩაშლა არ გვხვდება, შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ საკითხზე მსჯელობა. რთულია იმიტომ, რომ არ არის მონაცემები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ.


ერთადერთი, კითხვას ბადებს ქველმოქმედების ორგანიზებისთვის მიღებული შემოწირულობები. ახლახან შედგენილ ცხრილებში მითითებულია, რომ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის ფინანსები გაიღეს როგორც კულტურის სამინისტრომ და მერიამ, ასევე საწარმოებმა. ამ უკანასკნელზე მოდის 870 ათასი ლარი. საინტერესოა, როცა საწარმოებმა ფული გადარიცხეს, იცოდნენ, რომ ეს თანხები უშუალოდ ქველმოქმედებას კი არა, კონცერტის ორგანიზებას მოხმარდებოდა?


ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმურია, რადგანაც კონცერტების ორგანიზებისთვის ფული შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებმა გადარიცხონ, კერძო სექტორი კი თანხებს, ძირითადად, უშუალოდ ქველმოქმედებისთვის იხდის. ეს მხოლოდ კითხვაა, საინტერესო იქნებოდა, რომელმა საწარმოებმა იცოდნენ, რომ მათი ფული ორგანიზაციულ საკითხებზე დაიხარჯა და არა ქველმოქმედებაში.


მეოთხე ცხრილში თქვენ ხედავთ ფონდის მიერ გაწეული ხარჯების ჩაშლილ ციფრებს. ის ორ ნაწილად იყოფა: ქველმოქმედება და საქველმოქმედო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები (5.65 მლნ ლარი) და საერთო ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯები (3.07 მლნ ლარი).


ადმინისტრაციული ხარჯები ჩაშლილია სხვადასხვა კრიტერიუმებით და მოცემული ციფრები ემთხვევა შემოსავლებისთვის გაგზავნილ მონაცემებს.


ექსპერტებთან ერთად, რიცხვების შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქველმოქმედება და საქველმოქმედო ღონისძიებებზე დახარჯული თანხები არ ემთხვევა ფონდის მიერ საგადასახადოში წარდგენილ მონაცემებს.


საგადასახადოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გადაცემულ ბინებზე, საერთო ჯამში, 908 569 ლარი დაიხარჯა. რამდენიმე დღის წინ შედგენილ სქემაში ეს ციფრი შემცირებულია. „იავნანას" საიტზე მითითებულია, რომ ბინებზე 820 000 ლარია გადახდილი. ეს თანხა შემცირებულია 88 569 ათასი ლარით.


სამაგიეროდ სოლიდურად არის გაზრდილი სხვადასხვა ერთჯერადი დახმარების მაჩვენებელი. შემოსავლებისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში „იავნანას" მითითებული აქვს, რომ დაიხარჯა 616 764 ათასი ლარი. ამ ცხრილში კი ეს მონაცემი მილიონს ცდება და 1 250 000 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 600 ათასზე მეტით არის გაზრდილი.


აცდენები სხვა მაჩვენებლებშიც გვხვდება. მაგალითად, სტიპენდიებმა და სწავლის გადასახადმა შეადგინა 356 340 ლარი, ასეა საგადასახადოში „იავანანას" მიერ დაფიქსირებული. საიტზე კი მითითებულია 780 000 ლარი. აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ჩვენ მიერ შემოსავლებიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით (და ეს დოკუმენტები თავად „იავნანას" შედგენილია), დაიხარჯა 419 110 ლარი, ამ სქემაში კი თანხა 410 000 ლარია მითითებული.


შესაბამისად, აცდენაა ჯამშიც. ანუ შემოსავლების სამსახურისთვის გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ქველმოქმედებისთვის გადარიცხულმა თანხებმა, ჯამში, 2 300 783 ლარი შეადგინა. მოცემულ სქემაში კი, რომელიც „იავნანამ" მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ატვირთა საიტზე, განსხვავებული მონაცემების გამო, საერთო ჯამიც მეტი გამოვიდა და ის სამ მილიონს გადასცდა - 3 260 000 ლარია ცხრილში დაფიქსირებული.


რატომ დააფიქსირა „იავნანამ" განსხვავებული მონაცემები? შემოსავლებისთვის გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ქველმოქმედებისთვის „იავნანამ" მხოლოდ 24% დახარჯა, მონაცემების შეცვლის შემდეგ კი, ამ სქემის მიხედვით გამოვიდა, რომ „იავნანამ" 92% დახარჯა.


ცხრილებში არაფერია მითითებული იმ ძვირად ღირებული „ტოიოტას" შესახებ, რომელიც ფონდმა შეიძინა და 100 ათასზე მეტი გადაიხადა. ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელის თეო ჯორბენაძის განმარტებით, ფონდმა ის ბანკიდან განვადებით გამოიყვანა. თუმცა, სხვა დეტალები არ კონკრეტდება. აქ სადავო ისიც არ არის, 100 ათასზე მეტი ერთ ავტომანქანაში დაიხარჯა თუ ორში, საინტერესოა, ის ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხებით შეიძინეს თუ არა. პასუხი არ არის. არ არის გაშიფრული, ასევე ის, როგორც თავად „იავნანაში" აცხადებენ, ქველმოქმედების ორგანიზებისთვის დახარჯული სამ მილიონ ლარზე მეტი კონკრეტულად რას მოხმარდა და რამდენი.


ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი კი აცდენებია იმ მონაცემებში, რომელიც „იავნანამ", ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში დააფიქსირა - სხვათა შორის, ეს მონაცემები დამოუკიდებელი აუდიტის მიერაც არის დამოწმებული - და, მეორე მხრივ, იმავე „იავნანამ", ოღონდ ამჯერად აუდიტის დასკვნების გარეშე, საკუთარ საიტზე ატვირთა.


P.S. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ და მივმართავთ ფონდს, საჯარო გახადოს ან გადმოგვიგზავნოს საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, რაც საბოლოოდ ნათელს გახდის სურათს.


ფონდი „იავნანა" ცხრილებს განმარტებით წერილსაც ურთავს:


„...2011 - 2015 წლებში ფონდმა „იავნანამ" განახორციელა საერთაშორისო მნიშვნელობის

23 პროექტი, რომელთა მთავარი მიზანი იყო ქართული კულტურის პოპულარიზაცია,

ქვეყნის წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით და სოციალურად დაუცველი

მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების და სტუდენტობის დახმარება.

2011-2015 წლის განმავლობაში ფონდის შემოსავლებმა ჯამში შეადგინა 9.5 მლნ.

ლარი, აქედან:

- 6.15 მლნ. ლარი წარმოადგენს შემოწირულობებს ქველმოქმედებისთვის და

ქველმოქმედების ორგანიზებისთვის.

- 2.08 მლნ. ლარი მიღებულია ეკონომიკური საქმიანობიდან.

- 1.26 მლნ. ლარი წარმოადგენს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან.

შემოწირულობები ქველმოქმედებისთვის და ქველმოქმედების ორგანიზებისთვის (6.15

მლნ ლარი) იყოფა სამ ძირითად წყაროდ. ესენია:

1) შემოწირულობები ფიზიკური პირებიდან - 2.56 მლნ ლარი

2) ფონდის მიერ იურიდიული პირებიდან მოზიდული ფინანსური სახსრები საერთო

ჯამში - 3.35 მლნ. ლარი, რომელიც მოიცავს:

- მიზნობრივად ღონისძიებების ორგანიზებისთვის მიღებული შემოწირულობები 1.63

მლნ. ლარი (კულტურის სამინისტრო - 0.67 მლნ. / თბილისის მერია -0.09 მლნ. /

საწარმოები - 0.87 მლნ.)

- სხვადასხვა შემოწირულობები იურიდიული პირებიდან - 1.72 მლნ. ლარი

3) შემოწირულობები ნატურალური ფორმით - 0.19 მლნ. ლარი

ფონდის საერთო ხარჯებმა 2011-2015 წლებში შეადგინა 8.72 მლნ. ლარი, რასაც

ემატება ბანკში არსებული ნაშთი 0.78 მლნ. ლარი.

ხარჯვითი ნაწილი იყოფა ორ ძირითად მაჩვენებლად - ქველმოქმედება და საქველმოქმედო

ღონისძებების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯები - 5.65 მლნ. ლარი და საერთო

ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯები - 3.07 მლნ. ლარი.

ქველმოქმედებაზე დაიხარჯა 3.26 მლნ ლარი, საქველმოქმედო ღონისძიებების

ორგანიზების ხარჯებმა შეადგინა 2.39 მლნ. ლარი.

საქველმოქმედო ხარჯი იყოფა 4 ნაწილად:

1) მრავალშვილიან ოჯახებზე გადაცემული ბინები - 0.82 მლნ. ლარი

2) სტიპენდიები და სწავლის გადასახადი სტუდენტებისთვის - 0.78 მლნ. ლარი

3) აგვისტოს ომში დაობლებულების დახმარება - 0.41 მლნ. ლარი

4) სხვადასხვა ერთჯერადი დახმარებები ფულადი და ნატურალური ფორმით - 1.25 მლნ.

ლარი.

საერთო ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯები (3.07 მლნ. ლარი) იყოფა 7 ნაწილად:

1) შრომის ანაზღაურება თანამშრომლებზე და სხვა დაქირავებულ პირებზე - 1.76 მლნ.

ლარი.

2) მივლინებების, საკონსულტაციო, საკანცელარიო და სხვა საოფისე ხარჯები - 0.17 მლნ.

ლარი.

3) საწვავი - 0.15 მლნ. ლარი.

4) კომუნიკაციის ხარჯი - 0.14 მლნ. ლარი.

5) სარეკლამო კამპანიაზე გაწეული ხარჯები - 0.11 მლნ. ლარი.

6) საბანკო მომსახურების და საპროცენტო ხარჯები - 0.09 მლნ. ლარი.

7) სარემონტო, ტექნიკის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები - 0.65 მლნ. ლარი.

საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე და ქველმოქმედების ორგანიზებისთვისთვის გაწეულ

ხარჯთა ჯამი არის 5.65 მლნ ლარი. ქველმოქმედებისთვის შემოწირული სახრები 6.15 მლნ

ლარი. მათი შეფარდებით [ 5.65 : 6.15 ] ჩანს, რომ საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯა

შემოწირული თანხის 92%."



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner