„საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ელჩებს მიეცათ მითითება, იმუშაონ მთავრობებთან რუსეთისადმი სანქციების მიმართულებით, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის გაერთიანება და ერთად დგომა და სწორედ ამაზე მიუთითებდა ვიქტორია ნულანდი.
„საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ, ალბათ განსაკუთებით იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში, რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა თავისუფალი იყო. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს. სწორედ ამას გულისხმობდა ნულანდის განცხადება, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველანი უნდა დავუდგეთ მხარში უკრაინას და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გზები შეიძლება, არსებობდეს ამ მხარდაჭერისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი შევძლებთ ამ გაერთიანებას და მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.