საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის მეთიუ ბრაიზას განცხადებას ეხმაურება. უსუფაშვილი ბრაიზას მიმართავს, რომ „შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით".
უსუფაშვილის თქმით, საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და შეუნელებია სვლა დასავლეთის მიმართულებით.
„სამწუხაროდ, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-სა და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.