მაია დობორჯგინიძეს საზოგადოების უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს და ცოტამ თუ იცის, რომ არაერთი წელია მუშაობს, როგორც რეჟისორი. ამ პროფესიაში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, როცა „თავისუფალ თეატრში“ სპექტაკლი „თაფლობის თვე“ წარმოადგინა.
„შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და რეჟისორობის სურვილი გამიჩნდა, თუმცა, აქამდე ბევრი ეტაპი გავიარე და საამისოდ დიდი დრო დამჭირდა. ისეთი პროფესია მაქვს, თუ რამე იძულებით არ მოხდა, შენით ვერ შეწყვეტ. არ მახსოვს, რამე პიესა დასადგმელად ავირჩიო, დავიწყო და ბოლომდე არ მივიყვანო. ერთადერთი გამონაკლისი, ამ პანდემიაში, თეატრალურ უნივერსიტეტში „ბერნარდა ალბას სახლზე“ მუშაობის პერიოდი იყო, რომელიც თემურ ჩხეიძისა და ჩემს სტუდენტებთან დავდგი. კორონავირუსის გამო არაერთხელ მოგვიხდა გაჩერება და შემდეგ რეპეტიციების განახლება... ახლა ბატონ თემურთან ერთად ვდგამთ „სეილემის პროცესს“. რამდენიმე მსახიობთან ერთად, საბავშვო სტუდიაც გვაქვს - „თეა-ტრი“, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი გვყავს და მათთან ვმუშაობთ“, - ამბობს მაია დობორჯგინიძე.
ის ფიქრობს, რომ რეჟისურა უფრო კარგად გამოსდის, ამ სფეროში ძიება უფრო აინტერესებს და მსახიობობა აღარ უნდა.