logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად
- +

11 მარტი. 2022. 14:02

 

 

„მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და ადგილობრივი ექსპორტის ასევე მაღალი ზრდის პირობებში, მეტად საინტერესო იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური ზრდის მაჩვენებელი როგორი იქნებოდა.

 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ მეტად 580.9 მლნ აშშ დოლარით (101.6%-ით) გაიზარდა და 1,152.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წლის მე-4 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 411.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შედარებისათვის აკადემიური 2020 წლის მე-4 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი სულაც უარყოფითი იყო და -134.2 მლნ. დოლარი დაფიქსირდა“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 101 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ UNCTAD-ის შეფასებით, 2021 წელს გლობალურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მნიშვნელოვანი გაჯანსაღება დაფიქსირდა, ხოლო ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ზრდამ ჩვენთან შედარებით ნაკლები 30% შეადგინა.

 

„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 52.0 პროცენტით რეინვესტირების მოცულობა და რეკორდულ 760.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 66%-ია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში რეინვესტირების მაღალი ტენდენციებიც, ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართ და ადასტურებს ბოლო დღეებში, ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟის სპეკულაციურ ხასიათს, რაც ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების და პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნეგატიური მოლოდინების ხელოვნურ პროვოცირებაში მდგომარეობდა.

 

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტორი, 2021 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების სტრუქტურაში დამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, საფინანსო და ჯანდაცვის სექტორებთან ერთობლიობაში.

 

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტად, 107.5 მლნ აშშ დოლარით (302.4%-ით), აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 143.0 მლნ აშშ. დოლარით განისაზღვრა. საფინანსო სექტორში ინვესტიციების მოცულობა 9.6%-ით, 39.0 მლნ აშშ დოლარით, გაიზარდა და 443.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ინვესტიციები ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სექტორში 2-ჯერ მეტად (166.7%-ით, 7.6 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 28.2 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 9.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წელს უარყოფითი -1.8 მლნ აშშ დოლარი იყო).

 

2021 წელს, პროცენტული თვალსაზრისით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი 157.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.6 პროცენტი). დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 143.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12.4 პროცენტია. მეოთხე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 84.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 7.3 პროცენტი).

 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner