რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომნადზორისგან“ კომპანია „Meta“-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ტერიტორიაზე Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირების აკრძალვას ითხოვს.
გენერალური პროკურატურის აღნიშნული მოთხოვნა, მოჰყვა კომპანია „Meta“-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით ნება დართო გამოაქვეყნონ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს რუსული ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებს და ასევე, მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიკვდილთან დაკავშირებით.