ავტორი ბიძინა დვალი
მინდა ბოდიში მოვუხადო ქალბატონებს ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან, საარსებო პურის საშოვნელად, საკუთარ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე გადაბიჯება რომ უწევთ ხოლმე. მინდა ბოდიში მოვუხადო, დაუფიქრებლობით, მეგობართა წრეში, მათი მისამართით თუკი რამ ოდესმე წამომცდენია, თუნდაც ხუმრობით. ისინი შეუდარებლად პატიოსნები და ღირსეულნი არიან, ვიდრე ის პოლიტიკური გვამები, „ქალბატონებად და ბატონებად“ წოდებულნი, მეტის მოხვეჭის სურვილით, სხეულით ვაჭრობაზე უფრო დამამცირებელი საქციელით, ღიად და დაუფარავად რომ არიან დაკავებული ქვეყნის შიგნით, თუ საერთაშორისო არენაზე.
სიტყვათა წყობა - „პოლიტიკური პროსტიტუცია“, ალბათ, საუკუნეებს ითვლის. აქამდე მეგონა, რომ ამ პროფესიის მიმდევრებზე და მათ საქმიანობაზე, ისტორიული წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების მეშვეობით, მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცოდნას ვფლობდი, ყველა სახის უკადრებლის კადრების, ყველა ფსკერის შესახებ საკმარისად ვიყავი ინფორმირებული და ამ ვრცელი სიის ცნობილი ამბები მეგონა ამ სფეროში „წარმატებების“ ანი და ჰოე. მეგონა, აქაც არსებობდა ე.წ. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი, როგორც, მაგალითად, რეკორდი შორს გადაფურთხებაში, ჰაერის საწინააღმდეგო მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ეს ის სივრცეა, სადაც შინაგანი, ანუ მორალური საზღვარი არ არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქმედება კანონით (ან სხვა რამით) თუ არ არის შეზღუდული, „ნიჭი და გაქანება“ უსასრულობაში შეიძლება ჩაიკარგოს.
ცირკის მიმდებარე ტერიტორიის „ღამის პეპლები“, ნაცმოძრაობის, ანუ ნაცსაროსკიპოს და მისი „მიმდებარე ტერიტორიის“ წარმომადგენლებთან შედარებით, ფრთიანი ანგელოზები არიან. რაც ამ „პოლიტდაწესებულების“ გამორჩეულმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ იკადრა ორიოდ დღის წინ, „თუ სადმე სამართალი არსებობს“, ყველა რეკორდზე აღმატებულად უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკური პროსტიტუციის სფეროში, როგორც „სპორტული“, ისე გინესების კრიტერიუმებით. ეს რომ გამონაკლისი შემთხვევა იყოს, ერთი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში შეიძლებოდა მოგვეძებნა ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ მათი „ჩემი ხატიას“ „გმირული თავგანწირვა თუ მსხვერპლთშეწირვა“ შიგნით არავის დაუგმია. საკამათოც არაა, აღნიშნული დუმილი იმის ნიშანია, რომ თითოეული ფანჩატურელ-ალამუტელ-ერთქოლგქვეშელი სიამოვნებით იკისრებდა იმავე მისიას და მჯერა, გარკვეულწილად შურთ კიდევაც, ბედმა მათ რომ არ არგუნა ხატიას „პოზაში“ დგომა უკრაინელი „ჩამკითხველის“ წინაშე. (ყურადღებას მიაქცევდით, არსად მითქვამს, ასეთი რამ მითუმეტეს ქალმა არ უნდა იკადროს მეთქი, რადგან ქვეყნის მოღალატეს სქესი არა აქვს).
ცირკის მიმდებარე ტერიტორიის „ღამის პეპლები“, თუ ვინმეს აყენებენ ზიანს, მხოლოდ თავის თავს, სხვის უბედურებაზე არ აშენებენ თავის „ბედნიერებას“. სულ სხვაა ნაცპროსტიტუციის მასშტაბი და გარემოს და გარშემომყოფთა დაზიანების ხარისხი. სამშობლოს ღალატისთვის ხატზე გადასაცემი ხატია ბევრმა, სრულიად „დამსახურებულად“, იმ შიკრიკს შეადარა, აღა მაჰმად ხანის ლაშქარი რომ შემოაბრუნა, ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი - იმ მოღალატე შიკრიკმა საიდუმლო გასცა, ანუ მართალი ამბავი მიიტანა და ამით დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. მოღალატე ნაცბანდის მოღალატე შიკრიკმა კი ტყუილი ამბავი მიიტანა იქ, სადაც, მისი კოლექტიური დამკვეთის ფიქრით, ამ ტყუილს ელოდნენ და ამის გამო, ზიანი მოკლევადიანი იქნება, რადგან ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. უფრო ქართულ-ხალხურად რომ ვთქვათ, ნაცმავნებლებმა ფეხები ვერავის მოსჭამეს, თავი კი სერიოზულად დაიზიანეს...
ხსენებული ორი ისტორიის შედარებით ანალიზს ასეთ დასკვნამდე მივყავართ - მიუხედავად იმისა, რომ აღა მაჰმად ხანთან დამსმენის ღალატმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა, დამსმენი ხატიას ღალატი უფრო ამორალურ ქმედებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ორმაგ კადრებაზეა დამყარებული. აღნიშნულ შემთხვევაში, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჩაშვების აქტის აღსრულებას თან ახლდა სიამოვნების ენით აუწერელი განცდა.
ისევ და ისევ პარალელისთვის - ზოგისთვის პრაქტიკული გამოცდილებით, ზოგისთვის კიდევ წიგნებიდან, ცნობილია, რომ პოლიტპროსტიტუტკებისგან განსხვავებით, უძველესი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, მათთვის საარსებო (ზოგჯერ - სასიცოცხლო) მნიშვნელობის აქტი, თავისთავად, სიამოვნების მომგვრელ ქმედებას არ წარმოადგენს(!).
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია მის მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტზე საუბარი: ზემოთ აღვნიშნე, რომ ქმედება კანონით (ან სხვა რამით) თუ არ არის შეზღუდული, მისი დამაზიანებელი გავლენა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს. ნაცმავნებლების ღალატის მასშტაბების ზრდა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მათი „მოღვაწეობის“ პერიოდში ჩადენილი ყველაზე დიდი ღალატისთვის, სამშობლოს გაყიდვისთვის, არ მოეთხოვათ კანონისმიერი პასუხი (მათზე მორალური წნეხი და დამუნათებები არ ჭრის, რადგან ამ კატეგორიებიდან და პასუხისმგებლობისგან „დაბადებით თავისუფლები“ არიან).
(გაგრძელება იქნება)
ბიძინა დვალი
11.03.2022 წ.