საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ არის გარკვეული პრობლემები ყველა სამხედრო ნაწილში.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ოდეერებთან" დაკავშირებით მას დამატებითი კომენტარის გაკეთება და დისკუსიაში შესვლა არ სურს. იზორიამ ჟურნალისტებს მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით დაიწყონ ჟურნალისტური გამოძიება.
„თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა დისკუსიაში შევიდე „ოდეერებთან" გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებს და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა. როგორ იგრძნობენ ისინი ამ მზრუნველობას? - ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ ფორმა და ნორმალური კვება, ასევე იყვნენ ფიზიკურად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაამართლონ საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან. ამაზე თავს შევიკავებ საუბრისგან, რადგან მთავარი ამოცანაა, იგრძნოს ჯარისკაცმა ის, რომ მინისტრი ჰყავს გვერდით", - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი დისლოცირებულ მეხუთე ქვეით ბრიგადაში გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც იზორიამ ბრიგადის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.